ქ. ერევანში, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2025 წლის 21 აგვისტოს, ქ. ერევანში, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა. ხაზი გაესვა მაღალ და უმაღლეს დონეზე ორმხრივი ვიზიტების გაცვლის მზარდ დინამიკას.
მხარეებმა მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვანი მოვლენები. ქართული მხარე მიესალმა 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, „აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების დამყარების შესახებ“ ისტორიულ შეთანხმებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების როლსა და ჩართულობაზე.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, წვლილი შეიტანოს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში. ამ კონტექსტში აღინიშნა, 2025 წლის 17 აპრილს, ქ. თბილისში გამართული სომხეთ-საქართველო-აზერბაიჯანს შორის სამმხრივი რეგიონული შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზობელ ქვეყნებს შორის ნაყოფიერ დარგობრივ თანამშრომლობას. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საბაჟო, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში წარმატებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.
სომხურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სომხეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ქართულმა მხარემ კოლეგებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
ასევე, კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დადებითი დინამიკა.
მხარეებმა დაადასტურეს მზაობა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად და აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულად გამართვის მნიშვნელობა.
კონსულტაციებს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, ხოლო სომხეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვაჰან კოსტანიანი ხელმძღვანელობდნენ