სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოვლეტმირატ სეიტმამედოვი ეწვია
2025 წლის 11 სექტემბერს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება, ბატონი დოვლეტმირატ სეიტმამედოვი ეწვია. ბატონ ელჩს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უმასპინძლეს სსუ-ის რექტორმა თეა ჯუღელმა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ძაგანიამ. შეხვედრაზე მხარეებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქმენეთის უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა სტუმარს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ტრადიციები და საგანმანათლებლო პროგრამები. ასევე, პროფესორმა ინდირა ძაგანიამ ისაუბრა სსუ-ის კავშირებზე უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებთან. თავის მხრივ, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა სსუ-ის რექტორს თურქმენეთში უმაღლესი განათლებისა და თურქმენეთის უნივერსიტეტების შესაძლებლობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, თეა ჯუღელმა, საპატიო სტუმარს სსუ-ის სიმბოლიკიანი საჩუქრები გადასცა.