„საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას ალტერნატივა არ აქვს“
თამბაქოს ინდუსტრიის გავლენების შეფასების მიზნით გამართულ შეხვედრაზე, სადაც სახელმწიფოს, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის სამსახურის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საზოგადოების ჯანდაცვის ექსპერტები იმყოფებოდნენ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი სასანიამ განაცხადა, რომ „საზოგადოების ჯანმრთლობის დაცვას ალტერნატივა არ აქვს. მისივე თქმით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესები ყოველთვის გაცილებით მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე ნებისმიერი კომერციული და ბიზნეს ინტერესები. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროცესებში, მივყვებით თამბაქოს ჩარჩო კონვენციის ვალდებულებებს. თამბაქოს კონტროლის რეფორმების კუთხით ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, კიდევ გაიზრდება იმ ადგილების რიცხვი, სადაც მოწევა ასევე აიკრძალება. ჩვენი კანონი და საერთაშორისო ვალდებულებები გვაკისრებს მიკერძოებული არ ვიყოთ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისადმი, ამიტომაც მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ინდუსტრიის და იმ ჩინოსნების ურთიერთობებში, ვისაც თამბაქოს კონტროლის რეფორმებთან შეხება აქვს.“ შეხვედრაზე განიხილეს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში არსებული პრობლემები, კერძოდ, 2025 წლის 1 აპრილიდან ძალაში შესული თამბაქოს სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვის რეგულაცია ნაწილობრივ სრულდება. თამბაქოს ინდუსტრიის სისტემური ჩარევის შედეგად მნიშვნელოვნად შესუსტდა კანონის ეფექტიანობა და საფრთხე შეუქმნა ერთის მხრივ, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებს.• 2024-2025 წლებში სადა შეფუთვის რეგულაციებიდან ამოიღეს გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები (HTPs), სიგარილა და „დუტი ფრი“ ზონებში სადა შეფუთვის მქონე თამბაქოს ნაწარმის განლაგება. სიგარეტის კოლოფებზე დაიშვა ბრენდის სახელწოდების ლათინური წარწერები და შენარჩუნდა კოლოფების ზომების მრავალფეროვნება, რაც რეგულაციის მიზანს არსებითად ასუსტებს.• თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ლობირება ხდებოდა არაპირდაპირი გზით, შუამავლების (მაგ. ბიზნესომბუდსმენი, რითეილერთა ასოციაციები) მეშვეობით. 2024 წლის ივნისში, ბიზნესომბუდსმენი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავდა რეგულაციის გადავადებისა და გამონაკლისების დაშვების მოთხოვნით, რაც შემდგომში საკანონმდებლო ცვლილებებით დაკმაყოფილდა.• სავაჭრო წერტილებში დაფიქსირდა ძველი შეფუთვის კოლოფების დაფარვის მცდელობები „სადა შეფუთვის“ ფოტო-ბარათებით, ასევე დისტრიბუტორისგან ჯარიმების „ანაზღაურების“ დაპირებები ცალკეულ ქსელურ მარკეტებში, რაც აღსრულების ინსტიტუციურ სისუსტეზე მიუთითებს.• ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი (FCTC 5.3) მოითხოვს გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და თამბაქოს ინდუსტრიასთან ურთიერთობების გამჭვირვალობას. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ამ ვალდებულების შესასრულებლად დადგენილების მიღება 2018 წლის 1 ივნისამდე ევალებოდა, ეს დოკუმენტი კვლავ არ არის დამტკიცებული. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებიდან არ მოსულა პასუხები ინდუსტრიასთან მათი შეხვედრების შესახებ, თუმცა ბიზნესომბუდსმენმა დაადასტურა, რომ 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში 4 შეხვედრა გამართა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.თამბაქოს რეგულაციების მრავალწლიანი გადავადება და შერბილება ამცირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სარგებელს და არღვევს საერთაშორისო ვალდებულებების სულისკვეთებას. ამიტომაც მთავრობისგან მოვითხოვთ:1. FCTC 5.3 დადგენილების დაუყოვნებლივ მიღებას. 2. აღსრულების გაძლიერებას. შემოსავლების სამსახურის მიერ სრულყოფილ აღსრულებას, ჯარიმებისა და შემოწმებების რეესტრის შექმნას, „დამრღვევთა სიის“ გამოქვეყნებას.3. გამონაკლისების გადახედვას. აუცილებელია გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის, სიგარელისა და „დიუტი-ფრი“ ზონებში გამონაკლისების გაუქმება რეგულაციის მიზნის გასაძლიერებლად.
