საზოგადოება

5 დეკემბერს თურქული ყავის მსოფლიო დღეა

თურქულ ყავას აქვს ბრწყინვალე სურნელი, რომელიც ყველას სიამოვნებს. ყავა არის თურქული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი, რომლის გასინჯვის გარეშეც მოგზაურობისას ვერ დატოვებთ თურქეთს, რადგან მას თითქმის ყველა კაფეში შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ თურქული ყავა, რომელიც ტურისტებს ძალიან მოსწონთ, საქორწილო ზეიმების, ნიშნობის, დაბადების დღეებისა და სხვა ყველა მნნიშვნელოვანი დღის ნაწილია თურქეთში. ამ უნიკალურმა გემომ და ტრადიციულმა ღირებულებამ თურქეთს დიდი წარმატება მოუტანა, რადგან მისი ყავა 2013 წლის 5 დეკემბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს. მას შემდეგ, 5 დეკემბერი – თურქული ყავის იუნესკოში რეგისტრაციის დღე „თურქული ყავის მსოფლიო დღედ“ ითვლება. ამასთან, წელს თურქულმა ყავამ კიდევ ერთხელ გაამყარა თავისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა გლობალურ დონეზე — ის გახდა თურქეთის პირველი „ტრადიციული პროდუქტის სახელწოდება“, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა ევროკავშირში.„ერთი ფინჯანი ყავა ორმოცწლიან მეგობრობას ნიშნავს“თურქულ ყავას 500 წელზე მეტი ისტორია აქვს. XVI საუკუნეში, როდესაც ყავა იემენიდან ოსმალეთის მიწებზე შემოვიდა, ის მალევე გახდა ხალხის საყვარელი სასმელი. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ყავახანები, სადაც ადამიანები საუბარსა და ურთიერთობას აზიარებდნენ. ცოტა ხანში კი ყავა სახლებშიც გავრცელდა და თურქულ ტრადიციად იქცა.მექარავნეებმა მისი პოპულარობის ზრდა შენიშნეს და ყავის მარცვლების საზღვრებს გარეთ გატანა დაიწყეს — ასე შეაღწია თურქულმა ყავამ ევროპაშიც და იქაური ყავის კულტურის დასაწყისი გახდა.თურქული ყავა მხოლოდ გემოთი არ იზიდავს — ის მეგობრობისა და ურთიერთობის სიმბოლოცაა. ადრე მას ძირითადად სადილის შემდეგ სვამდნენ, მაგრამ მალე გამოჩნდა ნიშნობის ცერემონიებზე, დღესასწაულებსა და სტუმრობებზე. თურქულ კულტურაში ყავის შეთავაზება ნიშნავს სითბოსა და პატივისცემას — სწორედ ამიტომ არსებობს ძველი თქმულება – „ერთი ფინჯანი ყავა ორმოცწლიან მეგობრობას ნიშნავს.“

როგორ ყავას ისურვებდი?

ყავის მოყვარულებმა იციან, თუ როგორია სინამდვილეში გემრიელი ყავა, ხოლო უმრავლესობის არჩევანი კი სწორედ თურქულ ყავაზე ჩერდება. სწორი მეთოდით მომზადება ყავას განსაკუთრებულ გემოს და არომატს მატებს. ყავის მომზადების მეთოდი საუკუნეების მანძილზე უცვლელი დარჩა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი უნიკალურობას არ კარგავს. იგი მზადდება წვრილად დაფქული და დაფხვნილი ყავის მარცვლების ცივ წყალში მოხარშვით. ადუღებამდე მასზე ხავერდოვანი ქაფი წარმოიქმნება. სხვა ყავებისგან განსხვავებით, თურქულ ყავას ასხამენ ფინჯანში და მიირთმევენ ჭიქა წყალთან ან რაიმე ტკბილეულთან ერთად. თანამედროვე ცხოვრებაში ყავა ხშირად ისმევა ქაღალდის ჭიქებში, თუმცა თურქული ყავა ტრადიციულად უნდა დაილიოს პატარა ფაიფურის ფინჯნებში, წყლითა და ერთი ნაჭერი ლუქუმით.თურქეთის სხვადასხვა კუთხეში ყავის სხვადასხვა ვერსიას შეხვდებით. ეგეოსის სანაპიროზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ მასტიკის არომატით გამდიდრებული ყავა, რომელიც იქაურ მუხის მსგავსი მასტიკის ხეებიდან მიიღება. გაზიანთეფში კი აუცილებლად გასინჯეთ „მენენგიჩის ყავა“, რომელსაც ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნაც აქვს. აღმოსავლეთ რეგიონებში, მაგალითად, შანლიურფასა და მარდინში, პოპულარულია „მირრა“ — ძლიერი და ინტენსიური ყავა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციების ნაწილად იქცა.დღეს ყავის კულტურას დიდი ადგილი უკავია ანატოლიელი თურქების და ზოგადად, თურქი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *