ყოველი მეოთხე გართულება თავიდან აცილებადია: რატომ უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი
საქართველოში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 94% არაგადამდებ დაავადებებზე (NCD) მოდის. სტატისტიკის მიხედვით, ლეტალური შემთხვევების 64% გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავშირდება, 12% – კიბოს, 4% – ქრონიკულ რესპირატორულ დაავადებებს, ხოლო 2% – დიაბეტს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახლახან გამოცემული დოკუმენტის („არაგადამდები დაავადებების პრევენცია და კონტროლი საქართველოში: ინვესტირების საჭიროება“) თანახმად, არაგადამდები დაავადებების მკურნალობაზე გაწეული დანახარჯები ყოველწლიურად 3 მილიარდ ლარს აღემატება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.2%-ს შეადგენს. დოკუმენტის თანახმად, თუ სახელმწიფო ამ დაავადებების კლინიკურ ინტერვენციებში ყოველწლიურად, მინიმუმ 100 მილიონ, ხოლო პრევენციული ღონისძიებებისთვის (მარილის შემცირება, თამბაქოს კონტროლი, ალკოჰოლის კონტროლი, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა) 30 მილიონ ლარს დახარჯავს, 15 წელიწადში თითქმის ორჯერ გაიზრდება ეკონომიკური სარგებელი. ამავე დროს, ჯანდაცვის ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამ მძიმე ფონზე, ზემოაღნიშნული ტვირთის მნიშვნელოვნად შესამცირებლად, ერთ-ერთი ძირითადი გამოსავალი ჯანდაცვის (PCH) სისტემის ფუნდამენტური რეფორმაშია.რეფორმა არ გულისხმობს მხოლოდ ერთი პროფესიული ჯგუფის საქმიანობაში ცვლილებას. ეს არის ჯანდაცვის მოდელის სრული გადაწყობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ჰოსპიტალიზაციიდან პრევენციასა და ქრონიკული დაავადებების გრძელვადიან მართვაზე. კერძოდ, რეფორმის ძირითადი მახასიათებლებია:პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ინოვაციური მოდელის დანერგვა, რომლის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელთა ანაზღაურებას მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი განსაზღვრავს.მონაცემებზე დაფუძნებული მართვისა და მონიტორინგის სისტემის გაძლიერება.განახლებული კლინიკური გზამკვლევებისა და პროტოკოლების დანერგვა.პირველადი ჯანდაცვის პერსონალის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან საერთაშორისო გამოცდილება (OECD, WHO) აჩვენებს, რომ ძლიერი პირველადი ჯანდაცვის პირობებში 20-40%-ით მცირდება ე.წ. თავიდან აცილებადი ჰოსპიტალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ყოველი 100 პაციენტიდან, რომელიც დღეს, საავადმყოფოში ქრონიკული დაავადების გართულებით ხვდება, 40-მდე ადამიანი საერთოდ არ საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, სისტემას მათი მდგომარეობა სწორად რომ ემართა.დიაბეტის შემთხვევაში, გამართული სისტემა 25-30%-ით ამცირებს ისეთ მძიმე გართულებებს, როგორიცაა თირკმლის უკმარისობა და ამპუტაცია.ჯანმოს “ყველაზე ეფექტური ინტერვენციების” (Best Buys) გათვლებით, პრევენციაზე ორიენტირებული მოდელი გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ძვირადღირებული ჰოსპიტალური სერვისები.„საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსს“, რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მიაჩნია, რომ აუცილებელია: მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რეფორმის არსისა და პრევენციის მნიშვნელობაზე.სამედიცინო პერსონალის გადამზადება რეგიონებში, განახლებული კლინიკური გზამკვლევებისა და პროტოკოლების გამოყენებით.პრევენციული და ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროგრამების მდგარდი დაფინანსების უზრუნველყოფა, კერძოდ, მინიმუმ 30 მილიონი ლარის ინვესტირება ზემოაღნიშნული რისკ-ფაქტორების პრევენციისა და კონტროლისათვის, რათა დაიზოგოს როგორც მკურნალობის ხარჯები, ასევე გადარჩეს ათეულ ათასობით სიცოცხლე. დრო არ იცდის. სისტემურ ცვლილებებს და მათ ასახვას სიკვდილიანობის სტატისტიკაზე 3-5 წელი სჭირდება. სწორედ ამიტომ, რეფორმის სრულფასოვანი განხორციელება უნდა დაჩქარდეს. ყოველი დაგვიანებული დღე არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის გზაზე. მხოლოდ ჰოსპიტალზე ორიენტირებული მოდელიდან პრევენციულ მოდელზე დროული გადასვლა უზრუნველყოფს ჯანსაღ საზოგადოებას და ფინანსურად მდგრად ჯანდაცვის სისტემას.
საქართველოს არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ალიანსი
