საქართველოს ქალაქ ბორჯომში ოფიციალურად გაიხსნა ყაზახეთის საპატიო კონსულის ოფისი
საქართველოს ქალაქ ბორჯომში გაიმართა ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის ოფისის გახსნის ცერემონია, რომელიც მოიცავს სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის საკონსულო ოლქებს.
ცერემონიას ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ბესარიონ ამირანაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და, ასევე, საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
ცერემონიის გახსნისას ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ რეგიონში ყაზახეთის საპატიო საკონსულოს გახსნა მოწმობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას ტრადიციული მეგობრობისა და ურთიერთნდობის სულისკვეთებით. დამოუკიდებლობის წლებში ორმა სახელმწიფომ წარმატებით გადალახა ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპი და მიაღწია ახალ ხარისხობრივ დონეს, შეავსო შეთანხმებები პრაქტიკული შინაარსით და ეძებს ურთიერთქმედების ახალ მიმართულებებს.
სიტყვით გამოსვლისას ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა ლევან ბაღდავაძემ განაცხადა, რომ საჭირო დახმარებას გაუწევს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, კულტურული, სპორტული კავშირების განვითარებაში. მისი თქმით, ყაზახეთის რესპუბლიკის რიგით მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს შეუძლიათ მიიღონ დახმარება როგორც საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვაში, ასევე რთულ სიტუაციებში მოხვედრის დროს. გარდა ამისა, საპატიო საკონსულო უნდა გახდეს საინფორმაციო ცენტრი თანამედროვე ყაზახეთით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.