უკრაინა – ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება
ახალი ქართული შრიფტი „უკრაინა“, უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის – „უსტავზე“ (ხელნაწერების შედევრებია „ოსტრომიროვოს სახარება“, „არხანგელის სახარება“, და ა.შ.) დაყრდნობით შეიქმნა. თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
„კიევი შუა საუკუნეებში მთავარ სლავურ სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა, სადაც კალიგრაფები ხელნაწერ საღვთისმეტყველებო წიგნებს ქმნიდნენ. უკრაინის მონასტრებში იქმნებოდა და ვითარდებოდა კირილიცას ახალი კალიგრაფიული მიმდინარეობები. შრიფტი „უკრაინაც“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- აღნიშნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
„უკრაინული ენა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე დამწერლობის, კირილიცას საშუალებით ჩაიწერება. ჩვენთან ხშირად კირილიცას, ისევ და ისევ პროპაგანდის მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო, არასწორად რუსულ დამწერლობას უწოდებენ, მაგრამ თანამედროვე რუსეთთან ამ დამწერლობის საწყისებს, ისტორიული კავშირი ნაკლები აქვს.
შრიფტი „უკრაინა“ ეძღვნება უკრაინელ ხალხს და მათ თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,“ – განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.
ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.
შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts
და https://calligraphy.ge/fonts
ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებსა და ქართული დამწერლობის ძეგლებს აციფრულებს და ქმნის ახალ ქართულ შრიფტებს. იხილეთ შრიფტების გალერეა www.gepra.ge/fonts.-ზე.