ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივით ყაზახეთში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური მისია გაიმართება
ყაზახეთის რესპუბლიკა ქართულ ბიზნესსექტორს უმაპისნძლებს
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნესსექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.
„საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარი მიმზიდველია და ბევრი მიმართულებით ასათვისებელი. ამისთვის კი საჭიროა, ერთმანეთის ბაზარს უკეთ ვიცნობდეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი. სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს და ყველა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთიდან საქართველოში იმპორტის ან ყაზახეთში ექსპორტის განხორციელებით, საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს, გაცვალოს პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაცია და გააცნოს საკუთარი შესაძლებლობები. ასეთი სახის ბიზნესფორუმები უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, – აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი, ნატალია ფედოსეევა.
ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკომონიკური მისია შემოდგომაზე იგეგმება. მონაწილეობისთვის შემუშავებულია სპეციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც დაინტერესებულ პირებს გაერთიანების ოფიციალური ვებგვერდიდან www.kaz.ge უკვე შეუძლიათ. კითხვარის შევსების შემდეგ, კომუნიკაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას თბილისში უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა, სამი დღის განმავლობაში, ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს. ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა 11 მლნ დოლარამდე ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს და B2B შეხვედრების შედეგად, ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობიც განიხილეს.
ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.