პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად აუცილებელია თანაბარი და უწყვეტი ხელმისაწვდომობა ონკოლოგიურ მკურნალობაზე“

      “კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა!“

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენციაზე „კიბოს დავამარცხებთ ერთად – მოქმედების დროა!“, რომელიც  კამპანიის „სრულფასოვანი მკურნალობა – უწყვეტი ზრუნვა“ ფარგლებში გაიმართა მედოკოსებმა, პაციენტებმა, მედიისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს.  შეხვედრის მიზანს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის  ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ქვეყანაში  კიბოს მართვის მიმართულებით დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება წარმაოდგენდა.  კონფერენცია კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ისა და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით გაიმართა.

იმსჯელეს  ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის  მქონე  ონკოპაციენტების მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე სრულფასოვანი და თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად  იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა.

კერძოდ, პაციენტები და ექიმები ითხოვენ დიაგნოზთან ბმული დაფინანსების ამოქმედებას იმ სქემის ნაცვლად, რომელიც დღეს მოქმედებს და რომელიც თითოეულ ონკოპაციენტს, სიმსივნის სახეობის და მკურნალობის სირთულის მიუხედავად, ფიქსირებული თანხით, 25 ათასი ლარით აფინანსებს. დაფინანსების ეს სისტემა კი მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას  უზღუდავს იმ პაციენტებს, რომელთა კიბოს მკურნალობა განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ასეთია მაგალითად იმუნოთერაპია, რომელიც ყველაზე რთული, მათ შორის ფილტვის სიმსივნეების დროს გამოიყენება და  რომელიც ძვირადღირებული პროცედურებისგან შედგება. თუმცა ამავდროულად მისი ეფექტიანობა ბევრად მაღალია, ვიდრე ტრადიციული მიდგომების.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებული ონკოლოგიური პაკეტის სავალდებულო ბაზისურ ონკოლოგიურ პაკეტად აღიარებას კერძო დაზღვევისთვის. ეს მოთხოვნა აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ კერძო დაზღვევის ონკოლიმიტები საყოველთაო ჯანდაცვასთან შედარებით ბევრად დაბალია, ბევრ პაკეტში კი საერთოდ არაა.

მიწვევის მიუხედავად, შეხვედრას არ დასწრებია მთავარი, გადაწყვეტილებების მიმღები მხარე – ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ამ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროSi არ აკეთებენ განმარტებას, თუ რატომ არ მივიდნენ აღნიშნულ შეხვედრაზე და ასევე არ აკეთებენ კომენტარს, თუ როგორია მათი პოზიცია დასახელებულ შეხვედრაზე გაჟღერებულ ინიციატივებთან დაკავშირებით და დაწყებულია თუ არა ამ საკითხებზე მუშაობა.

თუმცა იმას, რომ სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ონკო-დაფინანსების სისტემის ცვლილებებზე მუშაობა დაწყებული აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი ადასტურებს. ზავრადაშვილი ამბობს, რომ მისი განცხადება არის არა ვარაუდი და იმედი, არამედ  კონკრეტული ინფორმაცია, რომლის შესახებ საუბრის უფლება, როგორც თავად აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტროსგან აქვს აღებული.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვის გარეშე ამ ინფორმაციას არ გავაჟღერებდი, ამ საკითხებზე კონკრეტული საუბრები მიდის, კომუნიკაციაა სამიზნე ჯგუფებთან და იმედს ვიტოვებ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ სიახლეებით საზოგადოებას ძალიან მალე დაუბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი. ჩემი მხრიდანაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც ამ საკითხებზე ასეთი სერიოზული აქცენტი გააკეთა.

იქნება ბევრი სიახლე და მათი წინასწარ გაჟღერება არ მგონია სწორი, თუმცა ზოგადად საუბარი შემიძლია. მოგეხსენებათ, ახლა ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება წლიურად 25 ათას ლარს შეადგენს, მანამდე კი 20 ათასი იყო. მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე ეს დაფინანსება საერთოდ არ იყო და მავანი შავ ხვრელში ფულის ყრას უწოდებდა ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსებას. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც აღვნიშნე, დღეს 25 ათასლარიანი დაფინანსება მოქმედებს, თუმცა სიმსივნური დაავადებების შემთხვევებში არის ნოზოლოგიები, სადაც 25 ათასი ლარი არ არის საჭირო. ამავდროულად, არის ნოზოლოგიები, სადაც ბევრად უფრო მეტი თანხაა საჭირო. ამ ნაწილში გადაიხედება და იქნება დიაგნოზთან მაქსიმალურად შეჭიდული დაფინანსება,“ – ამბობს ზავრადაშვილი. კითხვაზე, რა ვადებში შევა ცვლილება სახელმწიფო პროგრამაში, დეპუტატი ამბობს, რომ ეს მიმდინარე წელს მოხდება.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა დღევანდელი ხელისუფლების პრიორიტეტული ნაწილია.

„დღეს ყველა პაციენტს აქვს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. თუმცა არის მთელი რიგი საკითხებისა, სადაც უფრო მეტი ჩაღრმავებაა საჭირო და სადაც უფრო მეტი სპეციფიკაა გასათვალისწინებელი. ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ონკოპაციენტებს ჰქონდათ, ჯერ კიდევ გასულ წელს დავიწყეთ თავად ონკოპაციენტებთან, ევროპა დონასთან მუშაობა, მათ ჰქონდათ მთელი რიგი სპეციფიკური პრობლემებისა, რომელთა შესახებაც ჯანდაცვის სამინისტროსთან დავიწყეთ მუშაობა და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ევროპადონასა და პაციენტების მიერ დასმულ პრობლემებზე – იგივე კვლევის და იმუნოთერაპიის დაფინანსებასთან დაკავშირებით – მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მალე ეს საკითხები მოგვარებული იქნება,“ – განაცხადა პარლამენტარმა.

სრულიად საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს აბსოლუტური თანასწორუფლებიანობა კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკაში და მეტასტაზური კიბოს მკურნალობაში. ამის შესახებ ქუთაისის კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკურმა ონკოლოგმა მარიამ კუხალაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა ქალბატონმა, მცხოვრებმა საქართველოს ნებისმიერ წერტილში, მიიღოს სრულფასოვანი მკურნალობა.

„რამდენიმე წლის წინ იყო პრობლემა, რომელიც საინფორმაციო კამპანიებით დაიძლია. ჰერცეპტინი მხოლოდ თბილისში მცხოვრები ქალებითვის იყო ხელმისაწვდომი და არა – სხვა რეგიონებში მცხოვრებთათვის. მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობის ყველა ეტაპი ყველა თვალსაზრისით იყოს გათანაბრებული. 4 თებევრლის შეხვედრის შედეგი აუცილებლად იქნება ის, რომ ქალბატონებში ადრეულ სტადიაზე მოხდება დიაგნოსტირება, რაც გადაარჩენს ძალიან ბევრ სიცოცხლეს, ხოლო უკვე დიაგნოსტირებულ ქალბატონებში ხელმისაწვდომობა ყველა თანამედროვე პრეპარატთან მოგვიტანს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ბევრი ქალის სიცოცხლე გახანგრძლივდეს და მათი სიცოცხლის ხარისხი იყოს საუკეთესო,“– განაცხადა მარიამ კუხალაშვილმა.

რაც შეეხება სტანდარტიზებული პაკეტის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლები მხარს უჭერენ აღნიშნულ ცვლილებას და დაზღვევის კუთხით გარკვეული ცვლილების შესაძლებლობაზე ხელისუფლებაშიც საუბრობენ (კერძოდ – პირველ ეტაპზე, ე.წ. დაშენებული პაკეტების კუთხით), აუცილებელია შედგეს დიალოგი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში ცვლილების განხორციელება შესაძლებელი იქნება ხანმოკლე პერიოდში და არ იქნება რთული, თუმცა კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის რისკების მაქსიმალურად დაზღვევის მექანიზმი ამ ეტაპზე ისაა, რომ მათ თავად მიაქციონ ყურადღება პაკეტების პირობებს და, ფასის გათვალისწინებით, შეეცადონ მათში მაქსიმალურად ბევრი რისკი იყოს შეტანილი.

შეგახსენებთ, რომ პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობის სრული და თანაბარი ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა.  ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარ და სრული ხელმისაწვდომობა კიბოს  მკურნალობაზე საქართველოში მცხოვრები პაციენტებისთვის! კერძოდ, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ლიმიტი ძალიან ბევრი სიმსივნის სამკურნალოდ არასაკმარისია, აუცილებელია მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსება პერსონალიზებული მიდგომით, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე და ასევე რადგან  კერძო დაზღვევა არ ფარავს ონკოლოგიურ მკურნალობას, მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური პაკეტის აღიარება ქვეყანაში სავალდებულო ბაზისურ  ონკოლოგიურ პაკეტად კერძო დაზღვევისთვისაც, რაც აღმოფხვრის საქართველოს მოქალაქეებისთვის ონკოლოგიურ  სერვისებზე წვდომის უთანასწორობას.  პეტიცია დასრულდა, რომელსაც მხარი 6000-მა ხელმომწერმა დაუჭირა: https://bit.ly/3hK8qgW. ასევე, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის მხარდასაჭერად, ცნობილი სახეების, ექიმების, პაციენტებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლი, რომლის პრეზენტაციაც შეხვედრაზე შედგა.

კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნა. ეს არის გლობალური ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირებას და ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თითოეული პაციენტისთვის. ინიციატივის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება,  ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება სახელმწიფოს და ბიზნეს სექტორის ურთიერთთანამშრომლობის გზით. აღსანიშნავია, რომ კიბოს მართვის მიმართულებით, მთელ მსოფლიოში არსებობს გარკვეული ხარვეზები, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას. საქართველოში მთავარ გამოწვევად ამ ეტაპამდე არათანაბარი და არასრულფასოვანი მკურნალობა რჩება. 

ინფორმაცია დაავადების შესახებ

არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის, კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად, მსოფლიოში 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე, თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. 

მსოფლიო მონაცემებით კიბოს სიკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის.  კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინოთ. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა, გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.  მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *