რელიგიის სააგენტომ და ირანის საელჩომ საქველმოქმედო აქცია გამართეს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს – თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამადან ბაირამი მიულოცეს და ჰუმანიტარული დახმარება გადასცეს. სოციალურად დაუცველ ადამიანებს 500 ყუთი სხვადასხვა სახის საკვები დაურიგდათ.
ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე არბატი, საქართველოს მუსლიმური სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, ირანის საელჩოსა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.
ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მთავრობის გამორჩეული ყურადღება მუსლიმი თემის მიმართ, რის ერთ-ერთ დასტურადაც პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული იფტარი დაასახელა.