ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების საკითხს – აღნიშნულ გეგმას ხელი 2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მოეწერა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ჩინეთთან სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 94%-ით, ექსპორტი კი 265%-ით გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა. ამავე დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ შეთანხმებას მეტი სარგებლის შეუძლია ორივე ქვეყნისთვის.
ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ითქვა, რომ ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს. ქართული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ჩინეთის მარკეტინგული და ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების იდენტიფიცირება ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.
განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, აგრეთვე ენერგეტიკა, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მეტი პოპულარიზებისა და აღნიშნულ მარშრუტში ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით, ასევე საუბარი წარიმართა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ შუა დერეფნის გამტარუნარიანობაზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის განვითარების პროექტზე, ასევე ჩინეთთან პირდაპირი ავიამომისვლის სიხშირის გაზრდასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მნიშვნელობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის შესახებ ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ძლიერი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდას.
ლევან დავითაშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 26-27 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით გაიმართება, ჩინეთის მხარე მონაწილეობას მაღალ დონეზე მიიღებს.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია.