მაია ბითაძემ ბიზნესში რესურსეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ბიზნესის წარმატებაში რესურსეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაში – „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“.
„ამ ღონისძიებაში მონაწილეობა პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენთვის, ისევე როგორც საქართველოს მთავრობისთვის, პრიორიტეტულია ნებისმიერი საკითხი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება და რაც ასევე დაკავშირებულია თანამედროვე ეკონომიკის მართვის მექანიზმების დანერგვასთან ამ ქვეყანაში, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება“, – განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლისას მაია ბითაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით. მისი თქმით, საქართველომ ამ მიმართულებით 200-მდე სრულიად ახალი სამართლებრივი აქტი, მათ შორის 11 ახალი კანონი მიიღო.
კომიტეტის თავმჯდომარემ იმ კანონპროექტებზე ისაუბრა, რომლებზეც პარლამენტში მუშაობა მიმდინარეობს და რომლებიც მწვანე ეკონომიკის განვითარებას, რესურსეფექტურობას, ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებს, გამწვანებისა და კლიმატის ცვლილებებთან მიტიგაციის მოტივაციის საფუძვლებს შეეხება.
„სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა შესყიდვების შესახებ ახალი კანონი, რომელმაც საფუძველი შექმნა სწორედ რესურსეფექტურობის შემდგომი განვითარებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როდესაც გარემოსდაცვითი მმართველობის და ეკონომიკური მმართველობის სისტემა ერთად მუშაობს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, სადაც რესურსეფექტურობას თავისი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი აქვს და სადაც ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რადგანაც ჩვენ ვიღებთ ბევრ ახალ რეგულაციას და ამ რეგულაციების აღსრულება შეუძლებელი იქნება თუ არა თანამშრომლობა ბიზნესთან და მათი ჩართულობა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ და ხაზი გაუსვა, რომ კომიტეტში ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით შექმნილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, სადაც ბიზნესის ინტერესის გათვალისწინებით საკითხები განიხილება.
კონფერენცია ევროკავშირისა და EU4Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. მასში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები.