იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე 2024

22 აპრილს აღინიშნება იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ დარგებში თანამშრომლობის გაღრმავებას და, ასევე, იტალიელი მეცნიერის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, რიტა ლევი-მონტალჩინის დაბადების წლისთავის აღნიშვნას ეძღვნება.

საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართება, სხვადასხვა ინსტიტუციის, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიებას, რომლის მიზანია იტალიასა და საქართველოს შორის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კუთხით არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე გახსნიან. დისტანციურად ჩაერთვებიან იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) პრეზიდენტი ლუიჯი ნიკოლაისი და ციფრულ ტრანსფორმაციასა და IT სერვისების მენეჯმენტის სფეროში მომუშავე იტალიური კომპანია Innovaway-ს დირექტორი ანტონიო ჯაკომინი.

გაიმართება CERN-ის წარმომადგენლის, ბოსტონის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, ტიციანო კამპორეზისა და Axel – Georgian Business Angel Network-ის დირექტორის, ირინა ცაგარეიშვილის პრეზენტაციები. ღონისძიება წლევანდელ კონკურსში “STEM Study Visits to Italy” გამარჯვებული ორი ქართველი ინოვატორის დაჯილდოებით დასრულდება. კონკურსი, რომლის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა, იმართება იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდსა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შორის შეთანხმების ფარგლებში, ითვალისწინებს ორ სამთვიან სტიპენდიას იტალიის საუკეთესო ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ცენტრებში სასწავლებლად და ქართველ ინოვატორებს შესანიშნავ შესაძლებლობას აძლევს, გაიმდიდრონ გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, საინფორმაციო ტექნოლოგია, მწვანე ეკონომიკა, ე.წ. „Blue Growth”, კულტურული და კრეატიული ინდუსტრიები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *