ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა
ქ. თბილისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლი იენთან.
შეხვედრაზე ელჩმა მინისტრის მოადგილეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე და ჩინეთის ხელისუფლების მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან.
ლი იენმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების გამო. აღინიშნა, რომ ასეთ მძიმე წუთებში მხარდაჭერის გამოხატვა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, საქართველომ პარტნიორების დახმარებით, ჩინეთიდან რამდენიმე მოქალაქის ევაკუირება მოახდინა და მადლობა გადაუხადა ჩინურ მხარეს ამ პროცესში თანამშრომლობისთვის.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი საკითხის არასწორი ინტერპრეტირება და თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი მღელვარება.
მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი უმოკლეს ვადებში შეძლებს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და აღნიშნულ პროცესში ჩინეთის სამთავრობო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხს.