გენადი არველაძე – DCFTA – ის წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა – II ფაზა“ ორგანიზებით მედიის წარმომადგენლებისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს. მასში ასევე მონაწილეობენ სსიპ „აკრედიტაციის ცენტრის“, სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე იმ კომპანიების პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უკვე აწარმოებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში.

„DCFTA – ის წარმატებული შეთანხმების და ეფექტური განხორციელების შედეგია, რომ ევროკავშირში საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებამდე ევროკავშირის ექსპორტში ქართული წარმოშობის პროდუქციას 65 პროცენტი ეკავა, დღეს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია და 89 პროცენტს შეადგენს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე. მისი თქმით, პროცესის უფრო მეტი პოპულარიზებისთვის მნიშვნელოვანია აღნიშნული შეთანხმების სარგებლიანობისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება მიზნობრივ აუდიტორიამდე, რაშიც ხელისუფლებას მედიის მხარდაჭერისა და პარტნიორობის იმედი აქვს.

„DCFTA – ის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, ჩვენ, დონორ ორგანიზაციებთან ერთად, მუდმივად ვახორციელებთ მიზნობრივი ჯგუფების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების ინფორმირებას. ამ კუთხით ჩვენი სტრატეგიული მეკავშირეა მედია, რომელსაც უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს საქართველოში DCFTA – ის იმპლემენტაციის პროცესი. ამავე დროს, მსგავსი საკომუნიკაციო ფორმატი ორმაგად სასარგებლოა,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

„ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ შეთანხმების ნორმების დანერგვის მიმართულებით, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას, გაზრდილი ექსპორტი კი, საბოლოო ჯამში, ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილებსა და ქვეყნის გაზრდილ კონკურენტუნარიანობას,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

9 თებერვალს საინფორმაციო შეხვედრაზე მედიის წარმოადგენლებს  ვროკავშირთან ვაჭრობის წარმატებულ მაგალითებზე ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების – „გეონატურალსის“, „ჯორჯიან პროდაქტის“ და „ჩიკორის“ ხელმძღვანელები გააკეთებენ პრეზენტაციებს. 

გენადი არველაძე: „ევროკავშირის ქვეყნებთან მნიშვნელოვნად იზრდება როგორც ექსპორტი, ასევე ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ევროკავშირი 2019 წლის ანგარიშში ხაზს უსვამს სხვადასხვა მიმართულებებს, რომელშიც საქართველო პროგრესირდება,  მათ შორის არის ექსპორტის დინამიკა, ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის შემცირება, ასევე ქვეყნის წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში არაერთ სფეროში, მათ შორის ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით.

„მნიშვნელოვნად იზრდება ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებთან გვქონდა ექსპორტის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, ასევე 40 პროცენტით არის გაზრდილი ექსპორტიორო კომპანიების რაოდენობა, მაგალითად, 2014 წელთან შედარებით. ანგარიშში ასევე საუბარია როგორც ეკონომიკურ გამოწვევებზე, ასევე ნავარაუდებთან შედარებით ბევრად მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაწილი – „გასული წლის მესამე კვარტალში დაგვიფიქსირდა 13%-ზე მეტი ზრდა. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების 100 პროცენტზე მაღალმა ზრდამ. ეს ნიშნავს,  რომ ინვესტორების ნდობა ჩვენი ქვეყნის მიმართ იზრდება. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მშპ-სთან მიმართებაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა  7,6% შეადგინა“ – აღნიშნა არველაძემ.

2020 წლის 7 თებერვალს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2019 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *