ვის სამსახურშია პარლამენტი? რატომ განიხილეს ფორსირებულად ლიცენზირების საეჭვო ინიციატივა?
მიუხედავად, იმისა, რომ პარლამენტმა საზაფხულო სესიები დაასრულა, ფორსირებულად განიხილეს და მიიღეს კანონი ადგილობრივი თამბაქოს პროდუქტებზე (თუთუნი, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი) წარმოების ლიცენზირების შესახებ. ეს ამბავი მისასალმებელი იქნებოდა, პარლამენტს საზოგადოების ინტერსების მიხედვით რომ ემოქმედა და გარკვეული გარიგებების შესახებ ეჭვები არ გაეჩინა.
ზოგადად, თამბაქოს სფეროს ლიცენზირების რეგულაციების გარეშე არსებობა დანაშაულია, რადგან, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი ჯანმრთელობისათვის საშიშია, იწვევს ასობით დაავადებას და მწეველის შესაძლოზე 15-16 წლით ადრე სიკვდილს. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია როგორც აუნაზღაურებელ მორალურ, ისე კოლოსალურ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგებთან.
2005 წლიდან თამბაქოს კონტროლის ალიანსი ცდილობს სახელმწიფომ აღადგინოს თამბაქოს ბიზნესის კონტროლის ეფექტური ლიცენზირების მექანიზმი, თუმცა უშედეგოდ. მეტიც, საერთაშორისო დონეზე შემუშავდა თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის საერთაშორისო ოქმი, რომელიც ძალაშია 2018 წლის სექტემბრიდან. სამწუხაროდ, საქართველო მისი წევრი ჯერ კიდევ არ გამხდარა. თამბაქოს უკანონო ვაჭრობასთან საბრძოლველად ერთ-ერთი მთავარი ექფეტური ზომა, რასაც ეს ოქმი სთავაზობს ქვეყნებს, არის სწორედ თამბაქოს როგორც ყველა ნაწარმის წარმოებაზე, ასევე იმპორტზე, საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე შესაბამისი ლიცენზიის შემოღება. ამასთან, მნიშვნელოვანია თამბაქოს როგორც ყველა სახის ნაწარმის, ასევე მისი წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების მეთვალყურეობისა და მიკვლევადობის სრულყოფილი და სრულმასშტაბიანი სისტემის დანერგვა.
შესაბამისად, მხოლოდ კონკრეტული ნაწარმის მწარმოებლისთვის ლიცენზიის შემოღება, როგორც ახლა პარლამენტმა გადაწყვიტა, ემსახურება კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ფინანსურ ინტერესებს, კონკურენტებზე უპირატესობის მოპოვებას და არა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესების დაცვას, რითაც პარლამენტში ცვლილების შეფუთვას ცდილობენ.
თუ სახელმწიფოს მართლა აწუხებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია ამ ლეტალური პროდუქტის მოხმარებასთან და სურს ეფექტურად ებრძოლოს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობას, დაუყოვნებლივ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
- საქართველო უნდა მიუერთდეს თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმს;
- შემოიღოს ლიცენზია, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის წარმოებაზე, საბითუმო და საცალო ვაჭრობასა და იმპორტზე;
- მოახდინოს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისა და მათი წარმოებისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების მეთვალყურეობისა და მიკვლევადობის სისტემის სრულად დანერგვა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მორიგი კორუფციული გარიგების მაგალითი, რომლითაც სარგებელს კონკრეტული პოლიტიკოსები და კონკრეტული კომპანია ნახავს.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყურადღებით დააკვირდეს ამ პროცესს და მოითხოვოს გამჭვირვალობა და რეალური ზომების მიღება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი