ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სიუ ხაიჭენგის შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება ორი ქვეყნის სპორტული ფედერაციების ერთობლივი წვრთნების და სპორტსმენების გაცვლის, ასევე, შეკრებების ჩატარების და ანტიდოპინგური სააგენტოს საქმიანობის საკითხებს დაეთმო. მხარეები ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მეძმარიაშვილის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებასაც.
„შევთანხმდით სპორტის სხვადასხვა სახეობებში ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოესი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სწორედ ჩინეთში ტარდება. ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებაზე, რომელიც მთელ ამიერკავკასიას მოემსახურება და ამასთანავე, ამ ცენტრით ისარგებლებენ არამხოლოდ სპორტსმენები, არამედ ყველა სხვა ადამიანი, ვისაც რეაბილიტაცია დასჭირდება. ჩვენი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული ცენტრის დაარსება ჩინეთის მხარის დახმარებით და ჩართულობით მოხდეს, ვინაიდან მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. თავის მხრივ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დახმარება აღგვითქვა. მსურს აღვნიშნო, რომ სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი საქმე გაკეთდება”, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.