სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბულგარეთი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულბულგარული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. ამ საკითხებზე ინტერვიუ ვთხოვეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის უფროსს, პროფესორ ინდირა ძაგანიას.
ქალბატონო ინდირა, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტში მზადდება სამენოვანი ალბომი „ქართულ-ბულგარული ორმხრივი
ურთიერთობების განვითარება“. როგორ გაჩნდა ეს იდეა?
-დიახ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტი მუშაობს ქართულბულგარული ურთიერთობების ამსახველ სამენოვან ალბომზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთან. განსაკუთრებით ნაყოფიერი გახდა ეს თანამშრომლობა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების, ქალბატონი დესისლავა ივანოვასა და ბატონი ვესელინ ვალკანოვის ელჩობის პერიოდში. კერძოდ, 2019 წლის 23 დეკემბრიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება ბულგარული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი უფასო კურსები სტუდენტებისთვის. მას უძღვება პლოვდივის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ივანა პეტკოვა; სისტემატურად აღვნიშნავთ ბულგარეთის ეროვნული მაფხიზლებლების დღეს; თანამშრომლობის ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული ბულგარეთის არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობენ და საერთაშორისო ჟურნალში „კუტურათაშორისი კომუნიკაციები“ თავიანთ ნაშრომებს ბეჭდავენ ბულგარელი მეცნიერები; ჩვენი სტუდენტები იმყოფებოდნენ საზაფხულო სკოლებში ბულგარეთში; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა არაერთი ბულგარელი პოეტის შემოქმედებითი საღამო; ბულგარულ ენაზე ითარგმნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სამენოვანი წიგნი – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ და რობერტ მესხის ლექსები, ხოლო ქართულად – პლამენ დოინოვისა და ტიოლიო ტილევის ლექსების კრებულები. ჩვენ ორჯერ გავიმარჯვეთ ბულგარეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ყოველივე ამის მერე გაჩნდა იდეა, ისეთი საპროექტო განაცხადი მოგვემზადებინა, რომელიც ითვალისწინებდა ქართულ-ბულგარული ურთიერთობების ამსახველი ალბომის მომზადებას.
რა სტადიაზეა ალბომი?
-2024 წლის 15 თებერვალს საქართველოში ბულგარეთის საელჩოსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ახალი პროექტის – „ქართულ-ბულგარული ორმხრივი ურთიერთობების განვითარება – სამენოვანი ალბომი“ განხორციელებას. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მისმა აღმატებულებამ ვესელინ ვალკანოვმა (პროექტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 15 თებერვალი – 2025 წლის 15 აპრილი). ეს ალბომი წარმოაჩენს ქართულ-ბულგარულ ურთიერთობებს პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, სპორტის და ა.შ. სფეროებში წარსულსა და აწმყოში, ამითი კი ხელს შევუწყობთ ბულგარეთში საქართველოს შესახებ და საქართველოში ბულგარეთზე ინფორმაციის გავრცელებას.
ალბომი იქნება ქართულ, ბულგარულ და ინგლისურ ენებზე. ჩვენ უკვე მოვიძიეთ ძალიან საინტერესო მასალა ბიბლიოთეკებში, არქივებში, მუზეუმებში, საელჩოებში როგორც საქართველოში, ასევე ბულგარეთში. ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ბულგარელი კოლეგებიც. ეს ალბომი კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-ბულგარულ მრავალმხრივ ურთიერთობებს.
უკვე დასრულებულ პროექტებზე რას გვეტყოდით?
-თავიდანვე აღვნიშნავ, რომ სამივე პროექტი დაფინანსდა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ბულგარეთის განვითარების პროგრამით.
პირველი პროექტი „ინოვაციური იდეების ლაბორატორია“ განხორციელდა 2021 წელს. 17 მარტს სსუ ში გაიხსნა „სოფიის აუდიტორია“ – თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინოვაციური იდეების ლაბორატორია. სტუდენტებისთვის შეიქმნა სივრცე, სადაც მათთვის ტარდება ტრენინგები, ვორქშოფები.
სტუდენტები მუშაობენ თავიანთ ინოვაციურ იდეებზე. პირველი სემინარი თემაზე – „ბულგარული გამოცდილების გაზიარება ინოვაციების, მეწარმოებისა და სტარტაპების შექმნის სფეროში“ ამ ლაბორატორიაში 2021 წლის 16-17 ნოემბერს ჩაატარეს ბულგარეთის წარმომადგენლებმა: საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის საჯარო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კრუმოვმა; ორგანიზაცია „ციფრული ტრანსფორმაციის“ დირექტორმა ანდრე ივანოვმა; „ციფრული ტრანსფორმაციის“ თანამშრომელმა სვეტოსლოვა სტოიანოვამ; ამავე ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა სტეფანია ვალიჩკოვამ და ბულგარეთის ციფრული ეროვნული გაერთიანების უფროსის მრჩეველმა კიბერ უსაფრთხოების სფეროში იასენ ასენოვმა.მეორე პროექტი – „ქართულ-ბულგარული სასწავლო სემინარები“ განხორციელდა 2022 წელს.
ამ პროექტის ფარგლებში ახალი ბულგარული უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია სსუს. ჩავატარეთ კონფერენცია თემაზე – „ქართულ-ბულგარული კულტურათაშორისი კავშირები გუშინ და დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართველი და ბულგარელი მეცნიერები და სტუდენტები, ასევე მრგვალი მაგიდა თემაზე – „თანამედროვე ბულგარული ლიტერატურა (პლამენ დოინოვის ნაწარმოებების მაგალითზე) და ქართულ ენაზე ბულგარული ლიტერატურის თარგმანის საკითხები“. საპასუხო ვიზიტით ვიმყოფებოდით ბულგარეთში. ახალ ბულგარულ უნივერსიტეტში გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – ბულგარული თარგმანის (მთარგმნელი – ივანა პეტკოვა) პრეზენტაცია. გარდა ამისა, ჩატარდა ერთობლივი სემინარი თემაზე – „საერთაშორისო და კულტურათაშორისი კავშირები“ და პლამენ დოინოვის ლექსების კრებულის „თავისუფლების ხიდის“ პრეზენტაცია, რომელი თარგმნა პოეტმა
რობერტ მესხმა. ვესტუმრეთ პლოვდივის სახელმწიფო უნივერსიტეტს და მოვინახულეთ
პეტრიწონის მონასტერი.
მართლაც ბევრია გაკეთებული ქართულ-ბულგარული ურთიერთობების
გასაღრმავებლად.
-გმადლობთ. ჩვენ ვაგრძალებთ ამ მიმართულებით მუშაობას. სამომავლო გეგმებიც
უკვე დავსახეთ.
– წარმატებებს გისურვებ
ესაუბრა ლიკა ჟორჟოლიანი