შენარჩუნებული სიდიადე – აია სოფიას გუმბათი განახლდება
სტამბოლში აია სოფიას დიდი მეჩეთი, რომელიც კაცობრიობის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნაგებობაა თავისი 1486 წლიანი ისტორიით, მოექცა სარესტავრაციო პროექტის ფარგლებში. ანუ, ის დაექვემდებარება რესტავრაციას იმ მიზნით, რომ მეჩეთმა დიდი ხანი გაძლოს და შეინარჩუნოს თავისი სიდიადე. კერძოდ, მოხდება მისი გუმბათის აღდგენა და გამაგრება.
აია სოფიას გუმბათის დაცვა
აია სოფია სტამბოლის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიმბოლოა. მოგეხსენებათ, თურქეთი უკვე მრავალი წელია ახორციელებს არქეოლოგიურ გათხრებსა და აღდგენით სამუშაოებს, რის მიზანიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნებაა. რესტავრაციის პროცესი უკვე სამი წელია მიმდინარეობს და შედეგად სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ახლა კი მეორე ნაწილი დაიწყება, რაც კულტურული მემკვიდრეობის მდგრადობის უზრნველსაყოფად მოხდება. ამ ძალისხმევის ფარგლებში, ცხადია, დარჩენილი ეტაპებიც შესაბამისი სტანდარტების დაცვით განხორციელდება.
როგორც აღინიშნა, მუშაობისას ძირითადი ყურადღება მიექცევა აია სოფიას გუმბათს. კერძოდ, ცენტრალურ გუმბათზე ჩარევა მოხდება მხოლოდ გარე მხრიდან, რათა მოზაიკით დაფარული შიდა ზედაპირი არ დაზიანდეს. გუმბათის გარე მხარეს არსებული ტყვიის საფარი იქნება დემონტაჟირებული და ან შეკეთდება, ან მისი ჩანაცვლდება მოხდება ახლით. ამ პროცესის დროს, გუმბათის ზედაპირი დროებით დაიფარება ფოლადის სტრუქტურით და მაღალი ხარისხის დამცავი ტენტით, რათა თავიდან იქნას აცილებული ამინდის ზემოქმედება და შიდა მოზაიკის დაზიანება.
შიგნით დამონტაჟდება ფოლადის პლატფორმის სისტემა, რომელიც ოთხი სვეტით იქნება გამაგრებული და სიმაღლეში 43.5 მეტრს მიაღწევს. ეს კონსტრუქცია უზრუნველყოფს, რომ რესტავრაციის პროცესის განმავლობაში ლოცვის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, ხოლო სამუშაოები გუმბათზე უსაფრთხოდ და ეფექტურად ჩატარდეს.
გარდა ამისა, დაგეგმილია 41 მეტრის სიმაღლისა და 60 მეტრის სიგრძის მქონე კოშკოვანი ამწის დამონტაჟება აღმოსავლეთ მხარეს, რათა სამუშაოები ადგილზე უსაფრთხოდ და სწრაფად განხორციელდეს. ამწე სპეციალურად არის დაპროექტებული აღნიშნული სტრუქტურისთვის, რაც უზრუნველყოფს მის უსაფრთხო ბრუნვას და ოპერირებას შენობიდან შესაბამისი დისტანციის დაცვით. როგორც კი გუმბათებზე, მოზაიკებსა და მინარეთებზე სამუშაოები დასრულდება კოშკოვანი ამწე დემონტაჟირებული იქნება.
აღდგენის პროექტი ხორციელდება რამდენიმე ეტაპად. მანამდე უკვე დასრულდა მეჰმედ III-ის, სელიმ II-ისა და მურად III-ის აკლდამების, სიბიან მექთების (დაწყებითი სასწავლებელი) და მუვაქითხანეს (დროის ოთახი, სადაც ლოცვების დროის გამოთვლები ხდებოდა) აღდგენა. ასევე, ამ პროცესის ფარგლებში კომპლექსის ციფრული ვერსიაც შექმნეს, ანუ შენობის სტრუქტურა 3D ფორმატში არის გადატანილი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ აია სოფიას პირვანდელი სახე შენარჩუნებული იყოს ვიზიტორებისთვის და მათ ნებისმიერ დროს შეძლონ მისი ნახვა.
აია სოფიას შესახებ
აია სოფია გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც 1985 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა სტამბოლის ისტორიული უბნების კატეგორიაში. იგი თავდაპირველად, თითქმის 1,500 წლის წინ აშენდა როგორც ქრისტიანული ტაძარი. აღსანიშნავია, რომ აია სოფია მისი აშენებისას ქრისტიანული სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძარი იყო.
ისტორიას რომ მივყვეთ, ოსმალეთის იმპერიის პერიოდში, სულთან მეჰმედ მეორემ ტაძარი მეჩეთად გადააქცია. მისი შიდა კედლები ოქროს მოზაიკითა და ფრესკებით იყო მორთული, რაც შემდეგ ისლამური შინაარსის ორნამენტებითა და ელემენტებით დაიფარა. დროთა განმავლობაში, ამ გრძელი ისტორიის მქონე გუმბათოვან სტრუქტურას ოთხი მინარეთი დაემატა სხვადასხვა პერიოდში, რაც კიდევ უფრო აღრმავებს მის არქიტექტურულ სიდიადეს.
სულთანმა სელიმ II-მ აია სოფიას დასავლეთ მხარეს ორი მინარეთის აგება უბრძანა მის მთავარ არქიტექტორს– მიმარ სინანს. მინარეთების გარდა, სულთნის მითითებით სინანს დაევალა აია სოფიას აღდგენაც, რადგან შენობაში სტრუქტურული სისუსტის ნიშნები იკვეთებოდა. ასევე, მინარეთების მშენებლობასთან ერთად, სინანმა ტაძარში მნიშვნელოვანი გამაგრებითი სამუშაოები ჩაატარა – იგი გააძლიერა დამატებითი საყრდენებით და დანერგა ინჟინრული ზომები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა მისი სიცოცხლისუნარიანობა.
შეიძლება ითქვას, რომ მიმარ სინანის წვლილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმაში, რომ აია სოფიამ მრავალ დამანგრეველ მიწისძვრას გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია.