Made in Italy – სავაჭრო ნიშანი, რომელიც სილამაზეს, ხარისხს, ტრადიციებსა და ინოვაციებს აერთიანებს
შარშანდელი წარმატების შემდეგ, საქართველოში „იტალიური წარმოების ეროვნული დღე“ – კრეატიულობისადმი, გამორჩეული ნაწარმისა და ხარისხისადმი მიძღვნილი ღონისძიება – დაბრუნდა.იტალიის საელჩოს მიერ კომპანია RMG-ს მხარდაჭერით ორგანიზებული წლევანდელი ღონისძიება 8 მაისს გაიმართა და მას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.„წლევანდელი ღონისძიება ჩვენი წარმოების ერთ-ერთ უმთავრეს დარგს, მოდას ეძღვნება, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული და თავისი განუმეორებელი სტილითა და ხარისხით გამოირჩევა“, -აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.საღამო დაიწყო მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოტა სადინოს სემინარით იტალიური მოდის თემაზე, გაგრძელდა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდების (Armani, Platano, Macron, Replay, Geox, Macron) კოლექციების ჩვენებით და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კოსმეტიკურ ბრენდად მიჩნეული Kiko Milano-ს მიერ ორგანიზებული მაკიაჟის მასტერკლასით, და დასრულდა მარანგონის ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში „Italy Meets Georgia: a Fusion of Aesthetics and Innovation“ გამარჯვებულთა დაჯილდოებით. გამარჯვებულ ნიჭიერ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.ღონისძიებაზე, რომელიც იტალიის საელჩომ სხვადასხვა სპონსორის დახმარებით გამართა, იტალიის სიამაყედ ქცეული საავტომობილო წარმოებაც იყო წარმოდგენილი: ღონისძიების სტუმრებს Alfa Romeo-ს დახვეწილი ავტომობილების ექსპოზიცია დახვდათ.