ჩრდილოვანი იმპერია უნდა დაემხოს ვინ მფარველობს საქართველოში თამბაქოს უკანონო ბიზნესს?
თამბაქოს ინდუსტრიის მთავრობების საქმიანობაში ჩარევის საერთაშორისო ინდექსის(GTI Interference Index) მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო 80 ქვეყნიდან 76-ე ადგილზეა. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, თამბაქოს ინდუსტრიას ძლიერი მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური ბლოკისა და პარლამენტისგან, რის გამოც ლეგალური ლობირება და უკანონო საქმიანობა ერთმანეთშია არეული და პოლიტიკა ინდუსტრიის ინტერესების სასარგებლოდ იმართება.
სამწუხაროდ, GTI Interference Index-ის მონაცემები გაამყარა მიმდინარე წლის სექტემბერში, გორში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომლის შედეგად სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851კოლოფი სიგარეტი “კარელია”. უკანონო წარმოების ფაქტზე კი დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახისა და პირადი დაცვის წევრები.
შორს ვართ ილუზიისგან, რომ სპეცოპერაციის შედეგად თამბაქოს ბიზნესის ჩრდილოვანი მხარე სრულად აღმოიფხვრა. მეტიც, გონივრული ეჭვი გვაქვს, რომ ეს იყო ჰიდრას მხოლოდ ერთი თავი, რომელიც გარკვეული, პოლიტიკური ან სხვა ინტერესების გამო მოკვეთეს და არა თამბაქოს არალეგალურ ბიზნესთან და ზოგადად, ჩრდილოვან ეკონომიკასთან საბრძოლველად. ამიტომაც მტკიცედ მიგვაჩნია, რომ საქართველოში თამბაქოს უკანონო წარმოების ერთი და ორი „ცეხი“ კი არა, მთელი იმპერია მოქმედებს, რომელსაც მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეიძლება მფარველობდნენ. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერსების მფარველობა არ გამოიხატება მხოლოდ თამბაქოს უკანონო წარმოებით და კონტრაბანდული სიგარეტებისრეალიზაციით. ამ დრომდე ირღვევა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვით რეალიზაციის რეგულაციაც. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ნორმა უკვე ექვსი თვეა ამოქმედდა, სავაჭრო ქსელებში კვლავ შედის თამბაქოს ნაწარმი ძველი შეფუთვით და შესაბამისი სამსახურების მხრიდან ამ დანაშაულებრივი ფაქტების იგნორირება ხდება. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო სამსახური და ხელს ვერავის დავადებთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შსს, პოკურატურა და სხვა შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ,ამ შემთხვევაშიც, კორუფციული გარიგების საფუძველზეხომ არ ხდება თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების დაცვა, მითუმეტეს, როცა ამ დარღვევების გამო, ბიუჯეტმა უკვე, სულ ცოტა 5 მილიონ ლარზე მეტი დაკარგა. ამასთან, სადა შეფუთვის გარეშე კოლოფების აღმოჩენით იოლად გასარჩევია უკანონო სიგარეტის ნაწარმი.
მიგვაჩნია, რომ თამბაქოს არალეგალური საწარმოები, კონტრაბანდა, კანონის რეგულაციების დარღვევაზე თვალის დახუჭვა და მთავარობაზე ინდუსტრიის გავლენა ერთი ჯაჭვის რგოლებია და მთავრობის მხრიდან, გამჭვირვალობისა და მკაცრი პოლიტიკის გატარების გარეშე, თამბაქოს კონტროლის კანონების აღსრულება და ზოგადად რეფორმა ეფექტური ვერ იქნება.
სწორედ დანაშაული ქსელების მფარველობის გავლენის შედეგი გვგონია ისიც, რომ საქართველო დღემდე არ არის თამბაქოს ნაწარმის უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო ოქმზე მიერთებული. ოქმის ძალაში შესვლიდან 7 წლის თავზეც, რომ ამ მარეგულირებელი ხელშეკრულების წევრი არ ხარ უკვე 7 წელი, ეს ნიშნავს, რომ ეფექტურად არ ებრძვიკონტრაბანდას და უკანონო ვაჭრობას და მხოლოდ დაბალი რგოლის პასუხისმგებელი პირების (მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, პოლიციის მაღალჩინოსნები, და ა.შ.) ბოლო წლებში დაპატიმრებებით რეალურად პრობლემა არ გვარდება.ბოლომდე გამოსააშკარავებელია ვინ მფარველობს არალეგალური სიგარეტის წარმოებას, რეალიზაციას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ორგანიზებულად, დიდი რაოდენობით კონტრაბანდის გადმოტანას, რაც მხოლოდ ადმინისტრაციული დანაშაულის კატეგორიაში ვერ ჯდება. ასეთი ორგანიზებული, კრიმინალური ქმედებები კი ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის გაძლიერებას, რომელიც სახელმწიფოს ბიუჯეტს ასობით მილიონ ლარს აკარგვინებს.
თუ ამ კუთხით ქვეყანის უმაღლეს ხელისუფლებას რეალურად სურს ეფექტური ზომების გატარება და გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური ნება, დაუყონებვლივ უნდა შეუერთდეს ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ოქმს, მთავრობამ გამჭვირვალე გახადოს ურთიერთობა თამბაქოს ინდუსტრის წარმომადგენლებთან შესაბამისი დადგენილების მიღებით, რომლის ვალდებულება ჯერ კიდევ 2018 წლის 1 სექტემბრამდე ჰქონდა, ასევე გააძლიეროს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგის დაფინანსება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი უკანონო ვაჭრობის მონიტორინგი შეიძლება გახდეს.