ეკონომიკა

აზიის განვითარების ბანკი მხარს უჭერს სასმელი წყლის სისტემების განვითარებას საქართველოს სოფლებში

SHARE THIS PAGE

    მანილა, ფილიპინები (24 ოქტომბერი, 2025 წელი) — აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს დაამტკიცა 233.2 მილიონი აშშ დოლარის სესხი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგების მიწოდებას.

    შედეგებზე დამყარებული სასესხო პროგრამა — „საქართველო: სუფთა, ადგილობრივი და თანაბარი წვდომა წყლის რესურსებზე“ — გამიზნულია საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მდგრადი, მედეგი და ინკლუზიური მიწოდების უზრუნველსაყოფად. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით სულ მცირე 100 სოფელში მოხდება წყლის ინფრასტრუქტურის გაფართოება და რეაბილიტაცია, რაც უზრუნველყოფს სუფთა სასმელი წყლის უწყვეტ მიწოდებას.

    „ახალი პროგრამა აგრძელებს ADB-ის წყალმომარაგების მხარდაჭერის ათწლიან გამოცდილებას, რომლის შედეგად საქართველოს უკვე 13 ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება აქვს,“ — აღნიშნა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა. „გაზრდილი მხარდაჭერა გააუმჯობესებს ცხოვრების პირობებსა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს საქართველოს სოფლებში, სადაც საბჭოთა პერიოდის მოძველებულ წყლის სისტემებში ინვესტიციების ნაკლებობაა.“

    პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს განვითარების სტრატეგიას „ხედვა 2030“ და მთავრობის ძალისხმევას, აღმოიფხვრას ქალაქებსა და სოფლებს შორის წყლის მიწოდების სერვისების უთანასწორობა. ის ასევე ხელს შეუწყობს წყალარინების დღის წესრიგის განხორციელებას, მათ შორის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას განახლებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ხედვის ფარგლებში, 2030 წლის შემდგომ პერიოდში დამტკიცებისა და განხორციელების მიზნით.

    გარდა კლიმატგამძლე და ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციისა, პროგრამა ასევე გააუმჯობესებს წყლის სექტორის მმართველობას — განმახორციელებელი და აღმასრულებელი სააგენტოების შესაძლებლობების გაძლიერებით მდგრადი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროგრამა დანერგავს ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების ახალ რეგულაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდგრად და ეფექტიან საქმიანობას თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.

    პროგრამა გაზრდის კლიმატის მიმართ მედეგობას წყლის რესურსების დივერსიფიკაციისა და კლიმატზე მეტად მორგებული, ენერგოეფექტური განაწილების ქსელების დანერგვის გზით. ის

    ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის ამაღლებას, განსაკუთრებით ქალებისთვის, რომლებიც ტრადიციულად პასუხისმგებელნი არიან ოჯახში წყალმომარაგებაზე და ხშირად დიდ დროს ხარჯავენ წყლის მოპოვებასა და შენახვაზე.

    შედეგებზე დამყარებული სესხი, რომელიც ADB-მ პირველად გამოიყენა საქართველოში, ოპტიმალურია სოფლის წყლის პროექტისთვის, რადგან ის მოიცავს ფართო გეოგრაფიულ არეალზე გაშლილ მცირე და განსხვავებული ტიპის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. ეს პროექტი ემყარება წყლის სექტორში წინა განვითარების დახმარების შედეგად მიღწეულ პროგრესს, შეავსებს კრიტიკულ საინვესტიციო ხარვეზებს, გააძლიერებს სახელმწიფო სისტემებსა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობებს, ასევე ხელს შეუწყობს მთავრობის გრძელვადიანი გეგმებისა და მკაფიო მიზნების შესრულებას წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისების მიმართულებით. 

    ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. ADB-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანას დაეხმაროს მწვანე და ინკლუზიურ რეგიონულ კარიბჭედ განვითარებაში, ხელი შეუწყოს სახელმწიფო და კერძო სექტორში ინვესტიციების განხორციელებას, რეფორმებს, ცოდნის გაღმავებას, კლიმატგამძლე ინფრასტრუქტურის შენებასა და რეგიონულ ინტეგრაციას. 

    ADB მრავალმხრივი განვითარების წამყვანი ბანკია, რომელიც მხარს უჭერს ინკლუზიურ, მედეგ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. მუშაობს რა, წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ADB ეყრდნობა ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 50 რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *