სტამბოლი ევროპის საუკეთესო 5 სამოგზაურო მიმართულებას შორის
სტამბოლი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის, ბოსფორის სრუტეზეა გადაჭიმული, კვლავ აქტიურად იზიდავს მოგზაურებს. მოგეხსენებათ, სტამბოლი ცნობილია საოცარი ღირსშესანიშნაობებით, კულინარიული სამყაროთი და მყუდრო განსახლების ობიექტებით. მეგაპოლისი, რომელმაც მხოლოდ 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში უკვე 13,5 მილიონი ტურისტი მიიღო, წელს ევროპის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის მოხვდა. პლატფორმა Which?-ის გამოკითხვის თანახმად, სტამბოლი წლის ევროპის ხუთ საუკეთესო სამოგზაურო ქალაქს შორისაა. გამოცემა Condé Nast Traveller-ის მკითხველებმაც ეს ქალაქი აღიარეს ერთ-ერთი საუკეთესო საოჯახო დასვენების ადგილად Reader’s Choice Awards-ზე. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის სიგრილე და არდადეგების სეზონი საუკეთესო პერიოდია ქალაქის ხელახლა გასაცნობად.
სტამბოლი – ისტორიისა და კულტურის კერა
სტამბოლი სავსეა ისტორიითა და კულტურით. ეს მომხიბვლელი ქალაქი, სადაც თანამედროვეობა და ტრადიცია იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, მდიდარია იმპერიების მრავალსაუკუნოვანი მემკვიდრეობით. ქალაქის ისტორიულ ნახევარკუნძულზე, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, დრო თითქოს შეჩერებულია. ანუ ეს არის ადგილი, სადაც თითქოს წარსულში მოგზაურობთ. სწორედ აქ მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები: აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ბაზილიკის ცისტერნა და თოფქაფის სასახლე. სულ რამდენიმე ნაბიჯში კი გრანდბაზარი, სადაც სანელებლების მრავალფეროვანი არჩევანი და უამრავი ხელნაკეთი ნივთი ელოდებათ სტუმრებს.
ბოსფორიდან შემოქმედებით თანამედროვეობამდე
ისტორიული ცენტრის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ერთი დღე მიუძღვნათ ბოსფორის სრუტისა და სტამბოლის თანამედროვე კულტურული ცხოვრების ნახვას. ბოსფორზე შეგეძლებათ ნავით სეირნობა, რაც საოცარ გამოცდილებას შეგძენთ. სტამბოლი – ეს არის ერთადერთი ქალაქი მსოფლიოში, რომელიც ორ კონტინენტზეა გადაჭიმული. შემოდგომის ოქროსფერი სხივების ფონზე საოცარი სანახავია სანაპიროზე გადაჭიმული დახვეწილი დიზაინის სასახლეები („იალი“), ტალღებზე მოცურავე თოლიები და მინარეთები და კოშკები.
ქალაქის შემოქმედებითი ენერგია იგრძნობა ყოველ ქუჩაზე — განსაკუთრებით ისტიკლალის ქუჩაზე, ასევე გალათაპორტში, სადაც მყუდრო კაფეები, მუზეუმები, გალერეები და ბუტიკური მაღაზიები შეგხვდებათ. ქალაქის არტისტული სული სრულად რომ იგრძნოთ, ეწვიეთ ადგილებს, როგორიცაა ათათურქის თანამედროვე კულტურის ცენტრი (AKM).
კულტურის სეზონი სტამბოლში
შემოდგომაზე სტამბოლის კულტურული სცენა ახალ რიტმს იძენს და მრავალფეროვანი ღონისძიებებით ივსება. „ჯეიმს კამერონის ხელოვნება“, რომელიც 27 სექტემბერს გაიხსნა სტამბოლის კინომუზეუმში, შეიცავს რეჟისორის 300-ზე მეტ ნამუშევარს და ის ექვსი თვის განმავლობაში იქნება გამოფენილი.
კიდევ ერთი სანახავი გამოფენაა ცნობილი ფოტოგრაფის სტივ მაკკურის „მოჩვენებითი თვალი“, რომელიც 30 ნოემბრამდე გრძელდება MSGSÜ Tophane-i Amire კულტურისა და ხელოვნების ცენტრში.
გარდა ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ „ტექნოლოგიური ხელოვნების“ ფესტივალად აღიარებული ავსტრიული Ars Electronica, პირველად სტუმრობს სტამბოლს და 21–28 ოქტომბერს მხოლოდ Zorlu PSM-ში გაიმართება.
სტამბოლის კულტურისა და ხელოვნების ფონდმა (İKSV) კი 20 ოქტომბერს გახსნა სტამბოლის 29-ე თეატრალური ფესტივალი, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება და თურქეთისა და სხვა ქვეყნების 16 თეატრალურ და საცეკვაო წარმოდგენას უმასპინძლებს.
გემოების დღესასწაული
სტამბოლში შემოდგომის ტურის დროს აუცილებლად ეწვიეთ კვების ობიექტებს.
ტრადიციული თურქული საუზმე, რომელსაც თან ახლავს მრავალფეროვანი კერძები, შეუცვლელი სიმითი, საოცარი ჩაი ტიტის ფორმის ჭიქებში. ქუჩის საჭმელებიდან აუცილებლად უნდა გასინჯოთ პიკანტური კოკორეჩი, კუმპირი, მიდიე, დოლმა და სხვა კერძბი.
საღამოს შეგიძლიათ ეწვიოთ ერთ-ერთ ტრადიციულ თურქულ მეიჰანეს, სადაც დაგხვდებათ მრავალფეროვანი „მეზეები“, ახალი თევზი და ერთ ჭიქა რაქი. მოგეხენებათ, სტამბოლის MICHELIN-ის სტატუსის მფლობელი რესტორნები ანატოლიური და საერთაშორისო სამზარეულოს ინოვაციურ ინტერპრეტაციებს გთავაზობენ.

