თამბაქოსგან თავისუფალი ეროვნული დღე
28 წელია, საქართველო თამბაქოსგან თავისუფალ ეროვნულ დღეს აღნიშნავს. ამჯერად, მორიგ 29 მარტს ქვეყანა განსაკუთრებული გამოწვევებით შეხვდა – მიუხედავად ევროპული სტანდარტის კანონმდებლობისა, თამბაქოს ინდუსტრია ახალი, ტექნოლოგიური პროდუქტებით ცდილობს იმ მიღწევების შეფერხებას, რასაც თამბაქოს კონტროლის რეფორმებით ბოლო წლებში მივაღწიეთ.
2017 წლის მაისში მიღებულმა და 2018 წლის პირველი მაისიდან ამოქმედებულმა კანონმა საქართველო მნიშვნელოვნად შეცვალა. დახურული საზოგადოებრივი სივრცეები თამბაქოს კვამლისგან თავისუფალია. როგორც ნავარაუდევი იყო, ცვლილებამ ასახვა პოვა დაავადებათა სტატისტიკაზე: კანონის ამოქმედებიდან პირველივე წლებში მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევები 15-18%-ით, ხოლო ინსულტის მაჩვენებელი 12%-ით შემცირდა.კანონის წარმატების პარალელურად, გამოიკვეთა თამბაქოს ინდუსტრიის მძლავრი ლობირება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა სტანდარტიზებული შეფუთვის შემოღების პროცესში. სწორედ ლობირების შედეგად რეგულაცია რამდენჯერმე გადავადდა და მხოლოდ 2025 წლის 1 აპრილს შევიდა ძალაში. მეტიც, დაფიქსირდა კორუფციული გარიგებების ნიშნები სავაჭრო ქსელებთან, სადაც ძველი შეფუთვის მარაგი ხელოვნურად გახანგრძლივდა, რათა კანონის აღსრულება მაქსიმალურად გაჭიანურებულიყო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) მიმდინარე წელი გამოაცხადა კამპანიით: „მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა“. სამიზნე სწორედ ის ახალი პროდუქტებია (ელექტრონული სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო, ნიკოტინის საწუწნი ბალიშები), რომლებსაც ინდუსტრია „ნაკლები ზიანის“ მითით ყიდის.გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის აეროზოლში დამატებით ნაპოვნია 56 ტოქსინი ან კანცეროგენი, რომელიც მწამროებელმა კომპანიამ დამალა. მათგან 22-ის დონე 200%-ით მეტია, ვიდრე ტრადიციული სისგარეტის კვამლში. 7 ნივთიერების კონცენტრაცია 1000%-ით (10-ჯერ) აღემატება სიგარეტის კვალმში მაჩვენებლებს.ამასთან, გასახურებელი თამბაქო წარმოქმნის სრულიად ახალ ტოქსიკურ ნაერთებს, რაც ჩვეულებრივ სიგარეტში არ გვხვდება. მწარმოებლის მიერ „დავიწყებული“ ქიმიური ნივთიერებების დიდი ნაწილი ტოქსიკოლოგიურად ჯერ შესწავლილიც არ არის. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ინდუსტრიის აგრესიული მარკეტინგის სამიზნე ჩვენი შვილებია. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა მოზარდებშია.
თამბაქოს ინდუსტრია აგრესიული მარკეტინგითა და ინფლუენსერების გამოყენებით პირდაპირ უმიზნებს 10-18 წლის მოზარდებს. ტკბილეულისა და ხილის არომატებით შეფუთული ნიკოტინი ბავშვებისთვის სატყუარაა. საქართველოში ბოლო 5 წელიწადში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება გაორმაგდა და 14%-ს გადასცდა. კანონის ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მის მუდმივ და მკაცრ მონიტორინგთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა, ამასთან, მოსალოდნელია პროგრამის შეფერხება, რაც თუნდაც მცირე ხნით მნიშვნელოვნად დააზარალებს რეფორმების შედეგებს. დაფინანსების დეფიციტის გამო, პრაქტიკულად აღარ ტარდება საინფორმაციო კამპანიები, რის შედეგადაც საზოგადოების ცნობიერება დაბალია – მოქალაქეებმა ხშირად არ იციან, რომ ელექტრონული სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს მოწევა ისევე აკრძალულია, როგორც თამბაქოს კლასიკური ნაწარმის მოხმარება. ამასთან ვერ ათვითცნობიერებენ, რომ რეგულაციების დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მიმართონ საპატრულო პოლიციას ან შემოსავლების სამსახურს. მონიტორინგის შესუსტება პირდაპირი სიგნალია თამბაქოს ინდუსტრიისთვის, რათა უფრო აგრესიულად დაარღვიოს კანონი, რაც საბოლოოდ საზოგადოების ჯანმთელობას მნიშვნელოვნად დააზარალებს და იმ მიღწევების შეუქმნის შეუქცევად პრობლემებს, რომელსაც წლების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ვინარჩუნებდით. საქართველოს აქვს შანსი, შეუერთდეს ევროპულ ქვეყნებს და დაისახოს ამბიციური მიზანი: 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარების დონე 5%-ზე დაბლა ჩამოიყვანოს.
ამისთვის აუცილებელია:ელ. სიგარეტისა და ნიკოტინის შემცველი საწუწნი ბალიშების წარმოების, იმპორტისა და რეალზიაციის სრული აკრძალვა;ყველა სახის ნაწარმში არმომატიზატორებისა და დანამეტების აკრძალვა;ყველა ნაწარმის მიყიდვის ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდა;2015 წლის მერე დაბადებულთათვის ყველა ნაწარმის მიყიდვის აკრძალვა;ყველა ნაწარმის საცალო რეალიზაციაზე ლიცენზიის შემოღება;თამბაქოს ინდუსტრიის პასუხისმგებლობა, რათა მათა აანაზღაურონ ის სამედიცინო და პრევენციული ხარჯები, რაც აუცილებელია ამ სენთან საბრძოლველად.დასკვნის სახით: 29 მარტი არის შეხსენება თითოეული მოქალაქისთვის — ნიკოტინზე დამოკიდებულება არ არის არჩევანი, ეს არის ინდუსტრიის მიერ დაგებული ხაფანგი და ურთულესი ნაროკდამოკიდებულება. დროა, ინდუსტრიის მითები მკაცრი პოლიტიკით ჩავანაცვლოთ ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად.თამბაქოს კონტროლის ალიანსი
