ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლი იანმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა
სიგელების ასლები გადასცა.
რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის
ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, განხილულ იქნა
საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული
საკითხების ფართო სპექტრი. ყურადღება გამახვილდა თანამშროლობის შემდგომი
გაღრმავების მნიშვნელობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ
სფეროებში. მხარეებმა იმსჯელეს „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაში (Belt
and Road Initiative) საქართველოს ჩართულობაზე. საუბარი ასევე შეეხო
საქმიანობის კოორდინაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს
პრემიერ-მინისტრის ბატონ მამუკა ბახტაძის 2019 წლის 1 ივლისს გამართული
ვიზიტი ჩინეთის ქალაქ დალიანში, სადაც, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის
(World Economic Forum) ფარგლებში, შედგა მისი ორმხრივი შეხვედრა ჩინეთის
სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან, ბატონ ლი კეციანთან.
მინისტრმა
ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა
მინისტრის, ვან ის მაისში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის
მნიშვნელობას.
ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, რომ არ დაიშურებს
ძალისხმევას ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო
თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. მან ასევე დაადასტურა ჩინეთის მთავრობის
მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის
მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, „ერთი ჩინეთის პრინციპისადმი“
(One China Principle) ჩვენი ქვეყნის ერთგულებას გაუსვა ხაზი.
საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის ელჩს ამ მეტად საპასუხისმგებლო
თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება
უსურვა.