ნათია თურნავა – ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება
ნათია თურნავა – ბიზნესის სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები არ იგეგმება
„ჩვენ არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ ბიზნესის სისტემურ შეზღუდვას, ლოქდაუნის გამეორებას, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტივი არ არის“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნათია თურნავას განმარტებით, ხელისუფლება საჭიროებისამებრ მხოლოდ ლოკალური შეზღუდვების გზით მოქმედებს, რათა ბიზნესი სწრაფად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. „ჩვენი არჩევანი არის მხოლოდ ლოკალური, დროებით შეზღუდვები პროტოკოლების დაცვით იქ, სადაც ეს გარდაუვალია და შემდგომში ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ ერთვება საქმიანობაში. ასე რომ, სისტემური, დარგობრივი, დიდი შეზღუდვები ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს“, – განაცხადა ეკოპნომიკის მინისტრმა.
ამასთან, მისი ინფორმაციით, უკვე არსებობს ამ პრაქტიკის ეფექტიანობის პირველი მაგალითები ბიზნესსექტორში, როცა ორგანიზაციაში მოხდა ინფიცირება, მაგრამ გარკვეული პერიოდის, სწორი პროტოკოლების დაცვის და ყველა რეკომენდაციის შესრულების შემდეგ ესა თუ ის ორგანიზაცია კვლავ გაიხსნა.
„ამის მაგალითია „აჭარა ტექსტილი“ და სხვათა შორის, სწორედ ამ დარგს და ასეთ კომპანიებს უნდა ვუმადლოდეთ, რომ სექტემბრის თვეში ექსპორტში გვაქვს თითქმის 9%-იანი ზრდა – ტექსტილი და სამკერვალო ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერია ამ მიმართულებით. „აჭარა ტექსტილის“ საწარმოში იყო ინფიცირების შემთხვევები, მაგრამ დღესდღეობით კვლავ მწყობრშია ქობულეთის და ბათუმის საწარმოები, ფოთის საწარმო ჯერჯერობით გაჩერებულია, იქ მიმდინარეობს ყველა დაგეგმილი ღონისძიება და იმედი მაქვს, რომ ისიც მალე ამუშავდება“, – აღნიშნა მინისტრმა.