ლი იენი:ჩინეთს ისტორიული წვლილი შეაქვს მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრასა და მშვიდობიან განვითარებაში

  • ჩინეთის ელჩის – ლი იენის ინტერვიუ დამოუკიდებელ ჟურნალისტთან – ლიკა ჟორჟოლიანთან
  • 14 ოქტომბერს, შენჭენის სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნის 40 წლისთავთან დაკავშირებით ჩინეთში საზეიმო კონფერენცია ჩატარდა, რაც ჩინურ მედიაში ფართოდ გაშუქდა. როგორც იუწყებიან, შენჭენი ჩინელი ხალხის მიერ შექმნილი მსოფლიო განვითარების ისტორიის სასწაული, რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის შედეგად ჩინეთის მიერ მოდერნიზაციაში მიღწეული პროგრესის განსახიერება და ჩინეთის, როგორც გლობალურად ეკონიმიკურად ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლოა. შეგიძლიათ გაგვაცნოთ შენჭენის, როგორც სპეციალური ეკონომიკური ზონის ისტორია და ამჟამინდელი მდგომარეობა? თქვენი აზრით, რა გამოცდილება შეიძლება გადმოიღონ მსოფლიოს ქვეყნებმა შენჭენის სპეციალური ეკონომიკური ზონის ისტორიული, ნახტომისებურად განვითარებიდან?

წელს 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც შენჭენის სპეციალური ეკონომიკური ზონის საშუალებით ჩინეთმა გარე სამყაროს კარი გაუხსნა. შენჭენის სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა და განვითარება რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ნაყოფი და ამ პოლიტიკის წარმატების განსახირებაა. იგი შავით თეთრზე ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ბრწყინვალე დემონსტრირებას ახდენს.

ბოლო 40 წლის მანძილზე, შენჭენის რაიონის მთლიანი შიდა პროდუქტის გამოშვება 10 000-ჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი 1980 წლის 270 მილიონი იუენიდან 2019 წელს უკვე 2.7 ტრილიონ იუენამდე გაიზარდა და საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 20.7% შეადგინა. შედეგად, შენჭენი მშპ-ს გამოშვებით აზიის ქალაქებს შორის მე-5 ადგილზეა. 2019 წელს ერთ სულ მოსახლეზე განკარგულებაში მყოფი შემოსავალი 1980 წელთან შედარებით 31.6-ჯერ გაიზარდა. ხალხის კეთილდღეობა და განათლების, ჯანდაცვის, საარსებო და სხვა პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და რეგიონი ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოების შექმნის მიზნის მიღწევაში დაწინაურდა. 40 წლის წინ შენჭენი პირველი იყო, სადაც ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემის რეფორმა განხორციელდა. 1000-ზე მეტი რეფორმა პირველად ჯერ აქ გატარდა და ეკონომიკური სისტემის რეფორმიდან – რეფორმების ყოველმხრივ გაღრმავებისაკენ ისტორიული ნახტომი გაკეთდა. შედეგად, შენჭენი ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ნიმუშად იქცა. შენჭენში აქტიურად იყენებენ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებს. საგარეო ვაჭრობისა და იმპორტ-ექსპორტის საერთო მოცულობა 1980 წლის 18 მილიონი აშშ დოლარიდან 2019 წელს 431,5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა და საშუალო წლიური ზრდის ტემპმა 26,1% შეადგინა. დღეს შენჭენში ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 8,51 მაღალტექნოლოგიური საწარმო მოდის, რომლებიც მსოფლიოს “ფორჩუნ 500” კომპანიების დაახლოებით ორ მესამედს იზიდავს. შედეგად, შენჭენი ჩინეთისა და მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ დედაქალაქად იქცა, სადაც იმპორტ-ექსპორტით ვაჭრობისა და გარე სამყაროსთან ყოველმხრივ გახსნილობის წარმატებული პრაქტიკა დამკვიდრდა. შენჭენის სახით მსოფლიომ ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დიადი ძალა და ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ბრწყინვალე პერსპექტივები დაინახა.

შენჭენის განვითარების დღევანდელი მიღწევები მსოფლიო ქვეყნების ჩართულობის შედეგია, ამ პროცესში ქვეყნებს განვითარების ფართო შესაძლებლობები და სარგებლის ურთიეთგაზიარების საშუალება მიეცა. ჩინური მხარე ურთიერთსარგებლიანობისა და გახსნილობის სტრატეგიას მტკიცედ ატარებს, მსოფლიოსგან განვითარების იმპულსის მიღების სანაცვლოდ, ჩინეთის განვითარებას მსოფლიოსთვისაც მოაქვს სარგებელი. დღეს მსოფლიო ეკონომიკა მრავალი რთული გამოწვევის წინაშე დგას. ჩინეთს შემხვედრი ქარი და ტალღები ვერასდროს შეაჩერებს. ჩინეთი მტკიცედ დადგება ისტორიული სამართლიანობის მხარეს, ყოველმხრივ გააფართოებს გახსნილობას, ხელს შეუწყობს ღია მსოფლიო ეკონომიკის მშენებლობას და „საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას.

  • როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, 2020 წ. ჩინეთში ორი მნიშვნელოვანი მიზნის – ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოების შექმნისა და სიღარიბისაგან თავის დაღწევის მიღწევის წელია. 17 ოქტომბერი სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. გარდა ამისა, ამ დღეს უკვე მეშვიდე წელია, რაც ჩინეთში სიღარიბის აღმოფხვრის დღეც აღინიშნება. როგორ ფიქრობთ, ჩინეთი შეძლებს ამ მნიშვნელოვანი ამოცანის გეგმის მიხედვით შესრულებას? ჩინეთის მიერ სიღარიბის აღმოფხვრა მსოფლიოსთვის რას ნიშნავს?

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რეფორმებისა და გახსნილობის ორმოცწლიან პერიოდში, ჩინეთში 800 მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, რაც მთელ მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრის მაჩვენებლის 70%-ზე მეტია. წელს ჩინეთში ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოების შექმნა და სიღარიბის აღმოფხვრა უნდა დასრულდეს. ჩვენ წელს სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი სოფლის მოსახლეობის სიღატაკისგან დახსნას ვგეგმავთ, რითაც „მდგრადი განვითარების პროგრამის“ სიღარიბის აღმოფხვრის მიზანს გეგმაზე 10 წლით ადრე შევასრულებთ.

სიღარიბის აღმოფხვრა – კაცობრიობის საერთო გამოწვევა და „გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამის“ უმთავრესი მიზანია. როგორც ყველაზე დიდ განვითარებად ქვეყანაში, ჩინეთის სახელმწიფო საქმეებში სიღარიბის დაძლევას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ჩინეთს ისტორიული წვლილი შეაქვს მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრასა და მშვიდობიან განვითარებაში. ცოტა ხნის წინ ჩინეთში გამოქვეყნდა მოხსენება – “სიღარიბის სრულად აღმოფხვრა – ჩინეთის პრაქტიკა”, სადაც ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებას სრულად უზიარებს სხვადასხვა სფეროში სიღარიბის შემცირების გამოცდილებასა და პრაქტიკას. ქვეყნის შიგნით სიღარიბის შემცირების პროცესის ხელშეწყობის გარდა, ჩინეთი საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში განვითარებად ქვეყნებსაც მუდმივად ეხმარება. ჩინეთმა “ჩინეთ-გაეროს მშვიდობისა და განვითარების ფონდი” და “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის დახმარების ფონდი”დააფუძნა. ჩინეთი საფუძვლიანად ახორციელებს თანამშრომლობის პროექტებს “აღმოსავლეთ აზიის სიღარიბის შემცირების თანამშრომლობის ინიციატივის” და “ჩინეთ-აფრიკის სიღარიბის შემცირებისა და ხალხის სასარგებლოდ თანამშრომლობის გეგმის” ფარგლებში. გარდა ამისა, ჩინეთი მუდმივად ცდილობს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამასთან თანხვედრაში მოყვანას. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ 7.6 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღარიბისგან, ხოლო 32 მილიონ ადამიანს ზომიერი სიღარიბისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. ჩინეთი მრავალმხრივი და ორმხრივი არხების საშუალებით განვითარებადი ქვეყნების  შესაძლებლობების გაუმჯობესებას და სიღარიბის შემცირებისათვის საერთაშორისო თანამშრომლობას მომავალშიც ხელს შეუწყობს.

მე ადრე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სიღარიბის დაძლევის საკითხზე ვმუშაობდი. სიღარიბესთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამინისტროს მიერ 28 წლის წინ სამიზნედ არჩეული უინნანის პროვინციის ორი დაბის – ძინფინგისა და მალიფოს მოსახლეობამ ამ წლის მაისში სიღარიბეს თავი ოფიციალურად დააღწია. შარშან ჩვენი საელჩოს მიწვევით ქართული მედიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათ შორის თქვენც უინნანის პროვინციის დაბა ძინფინგში იმყოფებოდა, სადაც მჯერა, საკუთარი თვალით ნახეთ სიღარიბის აღმოფხვრის პოზიტიური შედეგები და ჩინეთის მიერ სიღარიბის დაძლევის მტკიცე გადაწყვეტილებაში დარწმუნდით. ჩინეთი სიღარიბის დასაძლევად მუშაობას და ამ შედეგების განმტკიცებას გააგრძელებს, საერთაშორისო საზოგადოებას გამოცდილებას მომავალშიც გაუზიარებს, სიღარიბის შემცირების საკითხში საერთაშორისო გაცვლასა და თანამშრომლობას ხელს შეუწყობს და 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საკუთარ წვლილს გაიღებს.

  • რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში, ჩინეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტის გამოშვება გაიზარდა. გთხოვთ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ამის შესახებ.

კოვიდ-19 ეპიდემიის ზეგავლენისა და მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობის წინაშე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ძლიერი ხელმძღვანელობით, ჩინეთის ყველა რეგიონი და უწყება მეცნიერული და კომპლექსური მიდგომით კოორდინაციას უწევს ერთის მხრივ, ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლს და მეორეს მხრივ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას, რაც წარმოებისა და ცხოვრების წესრიგის აღდგენას ეფექტურად უწყობს ხელს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა კლებიდან ისევ ზრდაზე გადავიდა და ამ პერიოდში ზრდამ 0,7% შეადგინა. ცალკეული კვარტლის მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება: პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკა 6.8% –ით შემცირდა, ხოლო მეორე კვარტალში 3.2% –ით და მესამე კვარტალში 4.9% –ით გაიზარდა.

პირველ სამ კვარტალში ეკონომიკური ზრდა თვალნათლივ მეტყველებს, რომ ჩინეთმა ეპიდემიის პრევენციის და კონტროლის და ეკონომიკის აღდგენის მხრივ პოზიტიურ შედეგებს მიაღწია. ამით ჩინეთის ეკონომიკის სიძლიერე და სიცოცხლისუნარიანობა კიდევ ერთხელ დადასტურდა. ამავდროულად, მძიმე საერთაშორისო ეკონომიკური და ეპიდემიური ვითარების ფონზე, ჩინეთის ეკონომიკა კვლავ აღდგენის პროცესშია, ამიტომ ზრდის ტენდენციის შესანარჩუნებლად საფუძვლის განმტკიცება არის საჭირო. ჩინეთი პროგრესთან ერთად შეინარჩუნებს სტაბილურობას, ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის პარალელურად გააღრმავებს რეფორმებსა და გახსნილობას, კომპანიებს სირთულეების დაძლევაში დაეხმარება, თავისუფალ „ეკონომიკურ ცირკულაციას“ ხელს შეუწყობს, ხალხის საარსებო წყაროს უზრუნველყოფს, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ყოველწლიური მიზნებისა და ამოცანების შესასრულებად ძალ-ღონეს არ დაიშურებს.

  • ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდემიის შემთხვევებმა ხელახლა იმატა, რაც ისევ გავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობასა და ხალხის ნორმალური ცხოვრების რეჟიმზე. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ ცინგტაოშიც იყო ეპიდემიის შემთხვევები, რაზეც ჩინეთის ხელისუფლებამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და სულ რაღაც რამდენიმე დღეში 10 მილიონი PCR ტესტი გაკეთდა. ასეთმა სისწრაფემ მსოფლიო კიდევ ერთხელ განაცვიფრა. როგორ ახერხებს ჩინეთი ამას?

ოქტომბრის შუა რიცხვებში პროვინცია შანტუნგის ქალაქ ცინგტაოში ახალი კორონავირუსის უსიმპტომოდ გადადების 3 შემთხვევა დაფიქსირდა. რადგანაც ამ ქალაქის მოსახლეობა 10 მილიონია, გადამჭრელი ზომების მიღება და მთელი ქალაქის მოსახლეობის გატესტვა გადაწყდა. სულ რაღაც 5 დღეში 10 მილიონზე მეტი PCR ტესტი გაკეთდა, მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების რისკი აღმოიფხვრა და ე.წ. „ნულოვანი პაციენტის“ ვინაობა დადგინდა. ცინგტაოში ვირუსი დროულად გამოვლინდა და  ეპიდემიის პრევენცია და კონტროლი დროულად მოხდა. ამის გამო, იგი მცირე მასშტაბით გავრცელდა. ამ დროისთვის ეპიდსიტუაციის მართვაში შუალედურ შედეგს უკვე მივაღწიეთ.

ჩემი აზრით, ამჯერად ცინგტაოში ეპიდემიის გავრცელების ეფექტურად შეჩერება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. პირველ რიგში, მთავრობის მხრიდან მძლავრი კოორდინაცია მოხდა. ცინგტაოში ეპიდემიის გამოვლენისთანავე, შანტუნგის პროვინციაში პროვინციულ და მუნიციპალურ დონეზე კოორდინირებული ხელმძღვანელობის მექანიზმი ჩამოყალიბდა, რათა მართვის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირება უზრუნველყოფილიყო. ამასთანავე, ცინგტაოში დასახმარებლად PCR ტესტირების დამატებითი ჯგუფები ჩავიდა. მეორე ფაქტორია საზოგადოების გაერთიანება. პოლიციის, სახელმწიფო მოსამსახურეებისა და ჩვეულებრივი ხალხისაგან დაკომპლექტებული 20 000-ზე მეტი მოხალისე ინფორმაციის რეგისტრაციაში, წესრიგის შენარჩუნებასა და სხვა სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობდა. შეზღუდული გადაადგილების მქონე მოქალაქეებს სინჯების ასაღებად სპეციალურად სახლში მისვლის მომსახურება გაუწიეს. მესამე ფაქტორია მაღალტექნოლოგიური ზომების გამოყენება. ცნობების თანახმად, ცინგტაოს მოსახლეობის გატესტვისას “ათში ერთი შერეული გატესტვის ტექნოლოგია” გამოიყენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ათი ადამიანის ნიმუში ერთად იტესტებოდა. თუ ტესტი დადებით შედეგს აჩვენებდა, მაშინ ეს ათკაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ იზოლაციაში გადადიოდა და ინდივიდუალური ტესტები კეთდებოდა. ამ მეთოდმა ტესტირების ეფექტურობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

უხანიდან პეკინამდე და ურუმჩიდან ცინგტაომდე, ჩინეთმა პრაქტიკაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ერთობით, კოორდინირებითა და მეცნიერული პოლიტიკის განხორციელებით, ეპიდემიის დროულად და ეფექტურად გაკონტროლება შესაძლებელია. ამჯერად ცინგტაოში ეპიდემიის ხელახალი გამოვლენით თვალნათლივ დავინახეთ, რომ ეპიდემიის თავიდან აფეთქების შეჩერება მძიმე და ძნელი ამოცანაა. ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდემიის გავრცელებამ იმატა, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, რასაც ჩინეთი დიდი ყურადღებით ეკიდება. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობამ და სამედიცინო პერსონალმა სამუშაოები გააძლიერა, საზოგადოების მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობაც სახეზეა. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოების მხრიდან ერთობლივი ძალისხმევით, საქართველო ეპიდემიის მატებას საპასუხო ქმედებით მალე წარმატებით გაუმკლავდება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ხალხის ცხოვრების ნორმალური რეჟიმი მალე აღდგება. ჩინეთი მზად არის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში საქართველოს მომავალშიც გაუზიაროს გამოცდილება, მზად ვართ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ქართული მხარის დასახმარებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *