საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე სტუმრობს

2020 წლის 18 დეკემბერი, თბილისი: 18-22 დეკემბერს საქართველოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე სტუმრობს. ოფიციალური ვიზიტის მასპინძელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.

ვიზიტის მიზანია საქართველოს ჯანდაცვის სექტორის პრიორიტეტული საკითხების მიმოხილვა, საქართველოსა და WHO ევროპის ოფისს შორის შორის COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლასთან და 2020-2025 წლების ევროპულ სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება.

ვიზიტის დროს ძირითადად შემდეგი თემები განიხილება:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაძლიერება საქართველოში და ქვეყნის მხარდაჭერა ევროკავშირთან და სხვა მსხვილ დონორებთან კონსოლიდირებული სტრატეგიული პარტნიორობის გზით.

COVID-19-ით გამოწვეულ რეალობასთან გამკლავება და მისი გავლენა ჯანდაცვის სისტემებზე, რაც კიდეევ უფრო მეტად აჩვენებს 2030 წლისთვის საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად გადასადგმელი ნაბიჯების საჭიროეებას.

ვიზიტის განმავლობაში ჰანს კლუგე შეხვდება მთავრობის ოფიციალურ პირებს, ქვეყანაში პანდემიის მართვაზე პასუხისმგებელ ძირითად უწყებებს, ასევე ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იგი COVID-19 სასტუმროსა და კლინიკასაც ეწვევა.

შეხვედრების დროს რეგიონული დირექტორი განიხილავს ცოტა ხნის წინ მიღებულ WHO ევროპის 2020-2025წწ. სამოქმედო პროგრამას „ერთიანი ქმედება უკეთესი ჯანმრთელობისთვის ევროპაში“ (EPW), სადაც გადმოცემულია ხედვა, თუ როგორ შეუძლია WHO ევროპის რეგიონულ ოფისს მხარი დაუჭიროს წევრი სახელმწიფოების ჯანდაცვის ორგანოებს, რათა გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. ხედვა ემყარება სამ ძირითად პრიორიტეტს: უნივერსალური ჯანდაცვის მიღწევა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციებისგან დაცვა და ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. პროგრამა ოთხ მიმართულებას ეყრდნობა: ფსიქიკური ჯანმრთელობა, იმუნიზაცია, ციფრული ჯანმრთელობა და ქცევითი და კულტურული თავისებურებები. პროგრამაში გატარებულია WHO ევროპის ოფისის მიერ აღებული ვალდებულება, მოიცვას ყველა ადამიანი და გააძლიეროს რეგიონის ჯანდაცვის ორგანოების ლიდერობის შესაძლებლობები.

„საქართველომ COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, პანდემიამ აჩვენა, თუ რამდენად საჭიროა პროგრესის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რათა თითოეული ადამიანი იყოს დაცული. ძლიერი ჯანდაცვის სისტემები, პირველადი ჯანდაცვა სწორედ ის ფაქტორებია, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების მიწოდების საშუალებას იძლევა. ეს სტრატეგიები უზრუნველყოფს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიტიკული სიტუაციების მიმართ მდგრადობას და ყველაზე მოწყვლადი ადამიანებისთვის აუცილებელი მომსახურების გაწეევას,“ – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი დოქტორი ჰანს ჰენრი პ. კლუგე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორია. მან ეს თანამდებობა 2020 წლის 1 თებერვლიდან ჩაიბარა, WHO ევროპის რეგიონალური კომიტეტის მიერ წარდგენისა და WHO აღმასრულებელი საბჭოს მიერ დანიშვნის შემდგომ.

კარიერა ოჯახის ექიმად დაიწყო ბელგიაში, მუშობდა სომალიში, ლიბერიაში, ციმბირში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რამდენიმე ქვეყანაში, მიანმარსა და კორეაში, ხოლო ბოლო ათწლეულის განმავლობაში WHO ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებას ედგა სათავეში. მისი საქმიანობის მთავარი მოტივი ყოველთვის უკეთესი ჯანდაცვის სისტემების შექმნა იყო, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლად ჯგუფებს ეთმობოდათ.

რეგიონული დირექტორის ხედვაა გაუძღვეს „ერთიან  ქმედებას უკეთესი ჯანმრთელობისთვის“, რათა ყველას ჰქონდეს წვდომა ჯანდაცვის მომსახურებაზე, ეფექტურად მოგვარდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციები და მოსახლეობა იყოს უფრო ჯანსაღი.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საქართველოში WHO საქართველოს ოფისი 2005 წელს დაარსდა და მას შემდეგ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზაციის და ქვეყნის თანამშრომლობის კონსოლიდაციაში, მართვასა და გაძლიერებაში. COVID-19 პანდემიაზე რეაგირების მიზნით WHO მხარდაჭერა მიმართული იყო კლინიკური მართვისა და ლაბრატორიული დიაგნოსტირების გაუმჯობესებაზე, ლაბორატორიული მოწყობილობების, ტესტების, პირადი დამცავი საშუალებების შეძენაზე, გაიდლაინების შექმნასა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკების გადამზადებაზე ვირუსის მენეჯმენტსა და მასთან დაკავშირებული მენტალური ჯანმრთელობის თემებზე. WHO კვლავ მზადაა აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრიორიტეტების განხორციელებაში, ხარვეზების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. გარდა ამისა, WHO საქართველოს დაეხმარება უზრუნველყოს მოსახლეობის წვდომა საბაზისო სამედიცინო და ჯანდაცვის სერვისებზე. იგი უწევს ფინანსურ მხარდაჭერას საყოველთაო ჯანდაცვის მიზნისკენ სწრაფვის პროცესში, რაც, თავის მხრივ, ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებების პაკეტისა და სამედიცინო პროდუქტების კანონის შემუშავებაში გამოიხატება. მხარდაჭერა დაავადებებისა და რისკ ფაქტორების კონტროლის გაუმჯობესებასაც მოიაზრებს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიზანია ხელი შეუწყოს ჯანმრთელობას, უზრუნველყოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მოემსახუროს მოწყვლად ჯგუფებს. ორგანიზაციის მიზანია მილიარდით მეტ ადამიანს ჰქონდეს საყოველთაო ჯანდაცვა, მეტი ადამიანი დაიცვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისისგან და მილიარდით მეტ ადამიანის შეუქმნას პირობები უკეთესი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კრიზისული სიტუაციების დროს WHO მუშაობს ქვეყნების მთავრობებთან, რათა გამოავლინოს, შეამციროს და მართოს რისკები, თავიდან აიცილოს საგანგებო სიტუაციები და მათი წარმოშობის შემთხვევაში დაეხმაროს საჭირო მექანიზმების შექმნით, პრობლემების გამოვლენითა და რეაგირებით, აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *