იაპონიის ელჩი საინვესტიციო შეთანხმებაზე – ეს ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც შექმნის მძლავრ ჩარჩოს არა მხოლოდ იაპონიასა და საქართველოში არსებული საინვესტიციო აქტივების დასაცავად, არამედ ბიზნესის უცხო ქვეყანაში ინვესტირების წახალისების კუთხითაც. შეთანხმების ამოქმედება ძალიან კარგი გზავნილი იქნება იაპონური ბიზნესისთვის, რომ საქართველოს ბიზნესგარემო სულ უფრო უმჯობესდება. ის უზრუნველყოფს ინვესტიციების დაცვას და საქართველოში ახალი ინვესტიციების ლიბერალიზაციას. ასე რომ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ იაპონია-საქართველოს თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო განვითარდება,“ – განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში იმამურა აკირამ საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.