ევროკავშირში საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

გენადი არველაძე – პანდემიის მიუხედავად, ევროკავშირში  საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა

9 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფარგლებში გაიმართა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების  შესახებ ანგარიშის მოსმენა და DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2021-2023 წლების) სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

აღნიშნულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მან ისაუბრა DCFTA-ის განხორციელების მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სახელმწიფო შესყიდვების, კონკურენციის, ბაზარზე ზედამხედველობის, სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ, შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით. განიხილეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საშუალოვადიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმებიც.

მოხსენებისას გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად 2020 წელს, კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე ექსპორტის ზოგადი შემცირებისა, ევროკავშირში  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი 26%-ით გაიზარდა, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან ქართულ პროდუქციაზე, როგორიცაა: თხილი, ჩირი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილის წვენები, ხილ-ბოსტნეულის კონსერვები, თევზის ფქვილი და გრანულები, ცხოველების სახლები. 

ასევე, ევროკავშირთან წარმატებული შეთანხმების შედეგია, რომ ამ გაერთიანებაში  საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის წილი მნიშვნელოვნად იზრდება და ზოგადად ეს გაერთიანება ქართული წარმოების პროდუქციის საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. კერძოდ, DCFTA-ის ამოქმედებამდე, ევროკავშირის ექსპორტში  ადგილობრივი  წარმოების პროდუქციას 65% ეკავა,  ხოლო ამჟამად უკვე ეს მაჩვენებელი 24%-ით გაზრდილია და 89%-ს შეადგენს.

გენადი არველაძე – 2020 წელს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა

„პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ და ფერმერულ გაერთიანებებთან მიზნობრივი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, მათი გატანა ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოხდეს ახალი პროდუქტების აღიარება და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა და მწარმოებელმა ისარგებლოს საქართველოდან,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელმაც პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირის ბაზარზე პირველად განთავსდა საქართველოში წარმოებული თევზის პროდუქტი. ასევე მალე განხორციელდება გერმანიასა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებში საქართველოში წარმოებული ცხოველთა საკვები – აღნიშნულმა პროდუქტმა ევროკომისიის მხრიდან აღიარება 2020 წელს მოიპოვა.

გენადი არველაძის განცხადებით, 2020 წელს ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოდან ღვინის, მინერალური წყლების, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ექსპორტი.   „2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ეს მიუთითებს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ექსპორტიორი და საექსპორტო პროდუქცია ითვისებს ევროკავშირის ბაზარს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ისეთი პროდუქტების აღიარების მიმართულებით, როგორიცაა აქვაკულტურა და დედა-ფუტკარი, როგორც ცხოველური წარმოშობის საექსპორტო პროდუქცია,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომაზე ევროკომისიის წარმომადგენლებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს ხელისუფლების მიერ 2020 წელს განხორციელებულ რეფორმებს. მისი თქმით, ევროკომისიის წარმომადგენელთა მხრიდან ასევე გამოითქვა მზაობა, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, რათა რეფორმები უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.

გენადი არველაძე – ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას

„ბიზნესთან უშუალო კონსულტაცია პანდემიამდეც გვქონდა. სამინისტროში შექმნილი გვაქვს DCFTA – ის საკითხებზე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე. მათ შორის, ბიზნეს ასოციაციები და სექტორული გაერთიანებები. ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ბიზნესზე, წინასწარ მათთან ერთად განვიხილავთ და  ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, შექმნილ რეალობას და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტში გამართული საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან საუბრისას, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში განიხილეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასეთი ტრადიცია 2021 წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ, მაგრამ, ამავე დროს, გვაქვს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომელიც დროშია გაწერილი. ვფიქრობ, აღნიშნულ ვადებში აუცილებლად ჩავეტევით, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, ბიზნესთან კონსულტაციას აუცილებლად გავმართავთ,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *