ჩინეთმა სიღარიბეზე სრული გამარჯვება გამოაცხადა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სიძინფინგმა აბსოლუტურ სიღარიბეზე ჩინეთის გამარჯვება გამოაცხადა. მან ამის შესახებ ქვეყანაში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შემაჯამებელ და ამ საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიღარიბის აღმოფხვრა სი ძინფინგის უმთავრესი პრიორიტეტია. 2012 წელს, ჩკპ ცეკას გენერალურ მდივნად არჩევიდან, მან 2020 წლისათვის მთელი ღარიბი მოსახლეობა სიღარიბიდან ამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
სი ძინფინგის თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ სიღარიბის მასშტაბების შემცირების „ჩინური მოდელი” შექმნა და მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩინეთში სიღარიბის დაძლევის მთავარ მიზანს სოფლის ღარიბი მოსახლეობის კვებისა და ჩაცმის პრობლემის სრულად აღმოფხვრა და მათთვის სავალდებულო განათლების, ძირითადი სამედიცინო სერვისებისა და უსაფრთხო საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა წარმოადგენდა.
ჩინეთმა მიზნებს „გაჭირვებულთა მიზნობრივი დახმარების“ წყალობით მიაღწია. თითოეული ოჯახისთვის სიღარიბისგან თავის დასაღწევად მიზნობრივი ზომები შემუშავდა. ჩინეთში სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლა ხუთი მეთოდით ხორციელდება: 1) წარმოების განვითარება; 2) განსახლება; 3) გარემოსდაცვითი სესხების უზრუნველყოფა; 4) განათლების უზრუნველყოფა; 5) სოციალური დაზღვევის ზომები.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2010 წლის ბოლოს ჩინეთი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა გახდა და ქვეყნის მშპ– მ 6 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკის უზარმაზარი ზრდის მიუხედავად, 2012 წელს თითქმის 100 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და მათი წლიური შემოსავალი 2,300 იუენს (დაახლოებით 356 აშშ დოლარი) არ აღემატებოდა. მაგრამ თუ 2010 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4551 დოლარი იყო, 2019 წელს ამ მაჩვენებელმა 10276 დოლარს მიაღწია. 2019 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით სიღარიბეში მხოლოდ 5.51 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა.
ამასთან, 2020 წლის დასაწყისში მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსულმა ეპიდემიამ იფეთქა. ფართომასშტაბიანმა ჩაკეტვებმა ჩინეთის ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა. დაიხურა უხანი, მეგაპოლისი, სადაც თერთმეტ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.COVID-19 ეპიდემიის წინააღმდეგ პრევენციისა და კონტროლის დროულმა და ეფექტურმა ზომებმა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ნორმალიზებას და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახული მიზნების მიღწევას ხელი შეუწყო. ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის მშპ 2020 წელს გაიზარდა და ზრდამ 2.3% შეადგინა.
სიღარიბის დაძლევაში ჩინეთის მიღწევებზე საუბრისას, აუცილებელია აღინიშნოს მისი დონის შეფასების სტანდარტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს სიღარიბის დაძლევის ბიუროს ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ღარიბად ითვლება ადამიანი, ვინც წელიწადში 4000 იუანზე ნაკლებს გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით 600 აშშ დოლარია.
ჩინეთში სიღარიბის მიზეზები შეიძლება ორ კატეგორიად დაიყოს: ბუნებრივი და კლიმატური და სოციალურ-ეკონომიკური. პირველი კატეგორიის პრობლემები რელიეფის და კლიმატის სპეციფიკიდან გამომდინარეობს. ღარიბი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძნელად მისადგომ, მთაგორიან ადგილებში ცხოვრობს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ხასიათდება უკიდურესად დაბალი ტემპერატურით. ჩრდილო-დასავლეთში ხშირია გვალვა, ხოლო ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთ-დასავლეთში – მაღალია ტენიანობა. კიდევ ერთი პრობლემაა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის შეუძლებლობა, განათლებისა და სხვა ძირითადი სოციალური სერვისების მიუწვდომლობა.
2019 წლის ბოლოსთვის ჩინეთში 52 ოლქი და 1111 სოფელი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა. ამ რაიონების უმეტესობა ქრონიკულ სიღარიბეში იყო, სადაც ცხოვრების დონის გაუმჯობესების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სხვადასხვა მხარდამჭერ ზომებს იყენებს. სახელმწიფო დახმარების სახით, სოციალური სარგებლის ნაცვლად, გამოყოფს ნერგებს, თესლებს, მცირე სესხებს, უზრუნველყოფს ინფორმაციულ და ტექნოლოგიურ მომსახურებებს, გასცემს პრემიებსა და გრანტებს. ხდება მოსახლეობის გადამზადება მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაში და ა.შ.
პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მოსახლეობისთვის დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ყველას აქვს უფლება დაეუფლოს მინიმუმ ერთ გამოყენებით პროფესიას. ძალზე მნიშვნელოვანია მობინადრეების განსახლების პროგრამა ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან პატარა ქალაქებსა და ოლქებში. ასევე, მთავრობის დახმარება მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. კერძოდ, გაჭირვებულ ოჯახებს ეძლევათ ფულადი დახმარება ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სახლების ელექტროფიკაციისთვის ან წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია სოფლის კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა. შეღავათიანი სესხების საშუალებით ღარიბებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებაში, მაგალითად, ფერმის, სარემონტო მაღაზიის ან ხის საამქროს შექმნა. ღარიბთა სოციალური დახმარება უზრუნველყოფს ჯანდაცვის, განათლებისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას.
ქართველი ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების მხრივ ჩინეთის წარმატებებს ხაზს უსვამს. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავრობა ძალისხმევას არა მხოლოდ გაჭირვებულთათვის სოციალური პროგრამების დაფინანსებისკენ, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენაც მიმართავს. მისივე თქმით, უბრალოდ ფულის დარიგება პრობლემას ვერ გადაჭრის, მხოლოდ საპირისპირო შედეგებს გამოიღებს, რადგან ადამიანებს მუშაობის სურვილი არ გაუჩნდებათ.
„ამ საკითხის გადაჭრას ჩინეთის მთავრობა სისტემურად და ინდივიდუალურად მიუდგა. ვიღაც დაასაქმეს, ვიღაცას საკუთარი ბიზნესის შექმნაში დაეხმარნენ, ვიღაც მკაცრი კლიმატური პირობების მქონე რეგიონიდან შედარებით ზომიერი კლიმატის მქონე ადგილას გადაასახელს, ვიღაცას ძველი საცხოვრებელი შეუკეთეს, ცალკეულ რეგიონში მიწათმოქმედების განვითარებისათვის ეკოლოგია გააუმჯობესეს. ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთის წარმატებების აღნიშვნა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. დღეს ჩინეთი უზარმაზარი რაოდენობის საქონელს აწარმოებს და შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ქარხანაა.ჩინურ საქონელს აქვს ე.წ. ფართომასშტაბიანი წარმოების უპირატესობა, სადაც პროდუქციის თვითღირებულება უფრო დაბალია, ვიდრე აშშ– ს ან ევროკავშირის მსგავსი პროდუქტები.”
რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის ორმოცწლიან პერიოდში, 750 მილიონმა ჩინელმა დასძლია სიღარიბე, რითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უდიდესი წვლილი შეიტანა სიღარიბის შემცირების გლობალურ საქმეში. გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიზანს, სიღარიბის შემცირებას, ჩინეთმა 10 წლით ადრე მიაღწია.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბადრი ნაჭყებია აღნიშნავს: „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მთავარი თეზისია ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესება საბაზრო ეკონომიკის საშუალებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩინეთში სახელმწიფო რეგულირება და საჯარო მართვა უმაღლეს დონეზეა, სახელმწიფო ინსტიტუტების საშუალებით ეკონომიკის სწორად მართვა და გარკვეული შესაძლებლობების გამოყენება სუბსიდიების სწორი მიმართულებით განხორციელების მიზნით შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, საუბარია სოციალურ დაცვაზე.
ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ უზამრმაზარი ქვეყანა არ მალავს, რომ მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ფაქტობრივად, ამის უარყოფის გარეშე, ჩინეთმა უდიდესი საქმე გააკეთა.
ჩინეთის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ სოციალიზმისა და საბაზრო ურთიერთობების კოჰაბიტაციამ და კონვერგენციამ გამარჯვება მოიტანა.
ეს ყველაფერი ხდება პანდემიის პირობებში, როდესაც მთელი მსოფლიო ზარალსგანიცდის”.
1949 წელს, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, თითქმის 80%, სოფლად ცხოვრობდა. ახლა ჩინეთი ძირითადად ურბანიზებულია, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ურბანულ აგლომერაციებში ცხოვრობს.
თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, იოსებ არჩვაძე აღნიშნავს: „უპირველეს ყოვლისა, უნდა მივულოცოთ ჩინელ ხალხს ეს ისტორიული მიღწევა და წინსვლისა და განვითარების გზაზე ვუსურვოთ შემდგომი წარმატება.
მე, როგორც ეკონომისტს, მსურს რამდენიმე ფაქტორი აღვნიშნო, რამაც ასეთი შთამბეჭდავი წარმატება განაპირობა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სახელმწიფოს მიზანმიმართული და დაგეგმილი საქმიანობის დამსახურება, რომელიც გეგმიური ეკონომიკისა და საბაზრო ურთიერთობების სიმბიოზს ემყარება.მაგრამ ასევე არსებობს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც არსებით პროგრესს განაპირობებს.ამ პრობლემის მიმართ ყველა ქვეყანას საკუთარი, თავისი ეროვნული გარემოებების შესაბამისი მიდგომა აქვს. მაგრამ ბევრმა ქვეყანამ უნდა შეისწავლოს ჩინეთის გამოცდილება. ქვეყანამ საკუთარი გზით მიაღწია წარმატებას, დაბრკოლებები გადალახა და რთული ამოცანები გადაჭრა. ჩინეთის ხელმძღვანელობამ დიდი პოლიტიკური ნება და სიმტკიცე გამოიჩინა და რეფორმების ტემპი არ შეანელა”.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ქვეყნის მოსახლეობა სიღარიბისგან გაათავისუფლა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს კარგად ესმის, რომ სიღარიბის აღმოფხვრა კაცობრიობის საერთო იდეალია. ამიტომ, მან ჩინეთს სიღარიბის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში უფრო აქტიური როლის შესრულებისკენ მოუწოდა. სი ძინფინგი ამ მიდგომას „უფრო ფართო პერსპექტივას” უწოდებს.
იანვარში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ “დავოსის დღის წესრიგის” ონლაინ ღონისძიებაზე, სი ძინფინგმა თავის სპეციალურ გამოსვლაში პირობა დადო, რომ ჩინეთი ხელს შეუწყობს, რათა განვითარებად ქვეყნებში აღმოიფხვრას სიღარიბე, შემსუბუქდეს ვალებით გამოწვეული ტვრითი და მოხდესზრდის სტიმულირება.
2020 წლის 21 ნოემბერს, ერ-რიადში გამართულ დიდი ოცეულის სამიტზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა და დავეხმაროთ მათ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში”.
მან პირობა დადო, რომ ჩინეთი შეამცირებს და ჩამოწერს განსაკუთრებული სირთულეების წინაშე მყოფი ქვეყნების ვალებს და ხელს შეუწყობს თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ნებაყოფლობითობისა და საბაზრო პრინციპების შესაბამისად, დამატებითი დახმარების აღმოჩენაში.
ლიკა ჟორჟოლიანი