თბილისში ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია ტარდება

24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას,მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს.რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ. იმავდროულად, ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.

პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის მსგავსი დონის საერთაშორისო ღონისძიების მასპინძლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც ის ზეთისხილის ბიზნესის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ივენთია.

24-26 ნოემბერს საქართველოს 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელი ეწვევა.

ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ ჩაუყარა. ზეთისხილს საქართველოში წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება.

სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, რათა მიღებულ იქნეს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მთავარი მიზნების მიღწევაში – პოპულარიზაცია, კომერციული საქმიანობა და ზეთისხილის პროდუქტების მოხმარება.
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.

“მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ეს ორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამ დარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი.
ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში “დანერგე მომავალი”, “აწარმოე საქართველოში” გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას”, – განმარტავს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გიორგი სვანიძე.

საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, გიორგი სვანიძე უკვე მეორედ იქნა არჩეული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის ზრდა-განვითარებაში, მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება. ორგანიზაცია იმართება წევრების საბჭოსა და კომიტეტების მიერ (სულ 4 კომიტეტი, რომლებსაც წევრები წარმოადგენენ : ეკონომიკური საბჭო, ტექნოლოგიის და გარემოს კომიტეტი, ქიმიისა და სტანდარტიზაციის კომიტეტი და ადმინისტრაციული და ფინანსური კომიტეტი).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *