გურამ გურამიშვილი -ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში

გურამ გურამიშვილი – გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახურ – ქართულ ეკონომიკურ გაერთიანებასთან, როგორც ყაზახეთთან სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების ინტენსიფიკაციის დამატებით პლატფორმასთან

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქვეყნის სატრანზიტო  დერეფნის როლის ეფექტური გამოყენება და  რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ფორმირება წარმოადგენს, რომლის შემდგომი განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივითა და ძალისხმევით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დაფუძნება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მუშაობს სატრანსპორტო საკითხებზე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ვაჭრობის განვითარებას,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა ყაზახურ – ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ორმხრივ ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მისი თქმით, საქართველო და ყაზახეთი არიან TRACECA-ს საერთაშორისო დერეფნის, ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი), CAREC-ის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების და მარშრუტების აქტიური წევრები.

„კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ შეძლო შეექმნა ყველა პირობა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების უსაფრთხო და შეუფერხებელი განხორციელებისათვის, რაც თავისთავად აისახა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მოცულობების ზრდაზე. კერძოდ, საერთაშორისო  სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების მოცულობა 2021 წლის 9 თვის მონაცემებით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით, ხოლო სარკინიგზო გადაზიდვები 13.7%-ით გაიზარდა. საქართველოსა და ყაზახეთს შორის, კოვიდ 19-ის პანდემიის გამოწვევების მიუხედავად,  აღინიშნება დადებითი ტენდენცია საავტომობილო ტრანსპორტით სატვირთო გადაზიდვების ზრდის კუთხით. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით გადაზიდვების მოცულობამ შეადგინა 300.4 ათასი ტონა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49.4% მეტია,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, დღეს საქართველო და ყაზახეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფოებია, რომლებმაც ახალი ფორმაციის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები შექმნეს და განავითარეს. „ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ჯერ აუთვისებელი პოტენციალი მომავალი თანამშრომლობისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით შევძლებთ მოვახდინოთ ამ პოტენციალის რეალიზებას საერთო ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენი სახელმწიფოებისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ვადასტურებთ მზაობას, ვითანამშრომლოთ ყაზახეთთან ჩვენს ქვეყნებს შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკური  კავშირების განვითარების მიზნით და ვთავაზობთ ყაზახეთს, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენოს საქართველოს დერეფანი ტვირთების გადასაზიდად ევროპის და უკუმიმართულებით ვინაიდან საქართველოს თვალსაჩინო ადგილი უკავია თავისი გეოსტრატეგიული და ბუნებრივი უპირატესობებით რეგიონში და ამასთან, იგი რჩება უსაფრთხოების სტანდარტების ერთგული,“ – განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთეს ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა, აგრეთვე „ყაზახურ – ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჯახუტაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *