ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ყაზახ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში.

ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ყაზახ ხალხსა და მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება.

„სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, ჯანდაცვისა და კულტურის  სფეროებში,” – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დასძინა, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობას, მიმდინარე წლის განმავლობაში ვაჭრობის დაახლეობით 25%–იან ზრდას. აღინიშნა ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები საქართველოს სამ და ყაზახეთის ხუთ ქალაქს შორის და ასევე, ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობის ზრდა, რომელიც პანდემიამდელ მაჩვენებლებს უახლოვდება.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ 2022 წელს აღინიშნება საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე და ამასთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა უმაღლესი და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განახლების მიმართულებით, რაც თავის მხრივ, ძლიერ ბიძგს მისცემს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *