თბილისში საქართველო-თურქეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბიზნესმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თბილისში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობაში წამყვანი ფირმების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების მონაწილეობით, სადაც სამადლობელო სერთიფიკატები გადაეცა თურქეთიდან საქართველოში ყველაზე მსხვილ იმპორტიორ ფირმებს.
ღონისძიებას დაესწრნენ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, ბატონი მუსტაფა თუზჯუ და თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი.
თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ აღნიშნა: „გვსურს გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მადლიერება იმ ინვესტორებსა და ბიზნესმენებს მიმართ, რომლებიც 30 წელია დაუღალავად მუშაობენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში.
თურქეთიდან საქართველოში შემოაქვთ საქონელი და ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში. შეიქმნა ასოციაციები და გაერთიანებები, ბიზნეს სექტორებს მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ორ მხარეს შორის კომუნიკაციას. ჩვენ, როგორც საელჩო და ასევე საელჩოს სავაჭრო წარმომადგენლობა, ხელს შევუწყობთ ურთიერთობების გაღრმავებას. სადისტრიბუციო კომპანიები წარმოადგენენ თურქულ ბრენდებს საქართველოში და მათ პირველად მიიღეს მსგავსი სერთიფიკატები საელჩოს სავაჭრო დეპარტამენტისგან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა აქ იმყოფებიან თურქულ-ქართული საბჭოს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები. ჩვენი კითხვაა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენი დაინტერესების და თქვენი ბიზნეს აქტივობის გასაზრდელად და ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ”.
თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის მუსტაფა თუზჯუს თქმით: „ჩვენ, როგორც ვაჭრობის სამინისტრო, ჩართულები ვართ რიგი მოლაპარაკების პროცესში, რომელთა მიზანია სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების სამართლებრივი ბაზის განსაზღვრა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი იმ ადამიანებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის ზრდას. ძალზე შთამბეჭდავია, რომ დღეს ამ დარბაზში იმ ბიზნესმენთა 20-25 პროცენტია, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში სავაჭრო ურთიერთობებს ქმნიან და თურქეთიდან საქართველოში ექსპორტს ახორციელებენ. საერთო ჯამში, საქართველოს იმპორტი 8 მილიარდ დოლარს შეადგენს, საიდანაც თურქეთის წილი 20 პროცენტია. თურქეთი მრავალი წლის განმავლობაში წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
ჩვენ დავძლიეთ პანდემიური მდგომარეობა და 2021 წელს ჩვენი ვაჭრობის მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აღწევს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი ვაჭრობა 3 მილიარდ დოლარამდე, რაც ჩვენი პრეზიდენტების მიზანია. ჩვენი სავაჭრო განყოფილება მზადაა გაგიწიოს ნებისმიერი დახმარება. 2009 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. მაშინ ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 1 მილიარდი დოლარი იყო და დღეს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და სამომავლოდ ვგეგმავთ ამ მაჩვენებლის გაზრდას.
თურქეთსა და საქართველოს შორის სტაბილური ურთიერთობაა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმოგზაუროთ პირადობის მოწმობით. დაახლოებით 2000 ერთობლივი საწარმო ფირმაა, რომლებიც იმპორტს ახორციელებენ თურქეთში და ჩვენც მზად ვართ დავეხმაროთ მათ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფართოების საკითხზე უწყებების წარმომადგენლებს შევხვდით. ქართულ მხარესთან შევთანხმდით, რომ პროდუქციასთან დაკავშირებული საკითხები აისახება შეთანხმებაში და ამჯერად სერვისებიც დაემატება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას ამ საკითხებზე”.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ჩატარდა თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ერთობლივი კომიტეტის მე-13 შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ბატონი მუსტაფა თუზჯუ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე.