ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები
განვლილმა პერიოდმა ნათლად გვაჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო და არის ელექტრონული საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, 2022 წლის საბაჟო დღე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წინადადებით, სწორედ საბაჟოს სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას ეძღვნება.
„მისასალმებელია, რომ მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა გაციფრულების მიმართულების მნიშვნელობა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ წარმოადგენს მხოლოდ საბაჟოს მიზანს. მასში მონაწილეობს საქონლის მიწოდების ჯაჭვში ჩართული ყველა სტრუქტურა, მთავრობის ყველა ინსტიტუტი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ სწორედ გაციფრულებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმის შედეგია ის, რომ ჩვენ შევძელით და 2021 წელს დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვის შედეგად, ზედმეტობის სახით ბიზნესს დავუბრუნეთ მილიარდ 930 მილიონი ლარი, რაც 100 მილიონი ლარით აღემატება რეფორმის დაწყებამდე, ბოლო 11 წლის განმავლობაში ჯამურად დაბრუნებულ მაჩვენებელს, რაც შეიძლება ითქვას ქვეყნის ეკონომიკაში შიდა ინვესტიციის მობილიზების უპრეცენდენტო ოდენობაა. აქ მნიშვნელოვანია, საბაჟოს როლი იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის ადმინისტრირების პროცესში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საბაჟოს, ასევე, ავანგარდის ფუნქცია ეკისრება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. 2019 წელს ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან მიახლოებული საბაჟო კოდექსის დებულებათა იმპლემენტაცია, ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის ზრდას.
მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, ახალი კომპიუტერიზებული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნაში.
„საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთება ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იქნება სახმელეთო საავტომობილო ტრანსპორტით ევროპაში გადაზიდვის სფეროში კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა მან.
როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია საბაჟო სფეროში თანამშრომლობის განვითარება ორმხრივი, სამმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში.
„აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, თანამშრომლობის ახალ, სამმხრივ ფორმატებს ჩაეყარა საფუძველი საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთის, ასევე, ასოცირებული ტრიოს – საქართველო, მოლდოვა, უკრაინის მონაწილეობით. 2021 წელს, ასევე, ხელი მოეწერა გამტარი პუნქტების შესახებ შეთანხმებას აზერბაიჯანთან, რომელიც ითვალისწინებს პირველი ერთობლივი გამშვები პუნქტი „აბრეშუმის გზის“ დაარსებას. ვსარგებლობ შემთხვევით და მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნული პროექტის განხორციელებას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების (EXBS) მხარდაჭერით, ხორციელდება კონტეინერების კონტროლის დანაყოფებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი პროგრამა, რაც ხელს უწყობს საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის განხორციელებას,“ – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.