ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, მინსკში საზოგადოებრივი ელექტროტრანსპორტის მწარმოებელ წამყვან ბელარუსულ ჰოლდინგს „ბელკომუნმაშსა“ და ჩინურ-ბელარუსულ ინდუსტრიულ პარკს ეწვია. „ბელკომუნმაშის“ საწარმოში ქართული დელეგაცია ადგილზე გაეცნო ელექტროავტობუსების წარმოებას და ჰოლდინგის მიერ წარმოებულ ახალ პროდუქციას. თავის მხრივ, ბელარუსულმა კომპანიამ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოებისა და მომავალში საქართველოს ქალაქებში ბელორუსული წარმოების ელექტროავტობუსების გამოჩენის სურვილი გამოთქვა. ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასს შეხვდება. ამასთან, 19 თებერვალს მინსკში გაიმართება საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა, რომლის ფარგლებშიც თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგება ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, აგროსამრეწველო სექტორი, ტრანსპორტი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, რეგიონთაშორისი თანამშრომლობა და ა.შ. კომისიის სხდომის ბოლოს კი ოქმი გაფორმდება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე უწყების წარმომადგენლები არიან, მათ შორის: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი; საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე; ქ. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი; სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი; სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია; აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.
Read more