NGS-ის ფარგლებში პირველი მასტერკლასი აკადემიურ ლიდერობას მიეძღვნა
საგანმანათლებლო პლატფორმა NGS-ის ფარგლებში პირველი საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. მასტერკლასს „აკადემიური ლიდერობა“ მედიცინის დოქტორი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი და ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი მაია ბუწაშვილი უძღვებოდა.მასტერკლასი ახალგაზრდა სამედიცინო პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და პასუხობდა ერთ-ერთ მთავარ საჭიროებას, რომელიც პროგრამის NGS-ის ოფიციალური წარდგენისას თავად მონაწილეებმა გამოკვეთეს.
აღნიშნული საჭიროება კვლევითი საქმიანობის, სამეცნიერო წერისა და აკადემიური განვითარების მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას მოიცავდა.ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო კვლევის მიზნისა და ამოცანების სწორად ფორმულირების, ჰიპოთეზის ჩამოყალიბების, კვლევის დიზაინის შერჩევის, აღწერილობითი და ანალიტიკური ეპიდემიოლოგიის, ასევე კლინიკური პრაქტიკის შედეგად მიღებული მონაცემების (RWD) ანალიზისა და ინტერპრეტაციის საკითხები.
პროგრამა ასევე მოიცავდა მონაცემთა ორგანიზების, კვლევითი ბაზების ფორმირების, სამეცნიერო აბსტრაქტისა და პუბლიკაციის მომზადებისა და მათი წარდგენის თანამედროვე მიდგომებს.შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტების კვლევითი და აკადემიური კომპეტენციების გაძლიერება, მათთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობის ხელშეწყობა. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მაია ბუწაშვილთან ერთად განეხილათ საკუთარი კვლევითი იდეები და მათთვის საინტერესო პროფესიული საკითხები.
Next Gen Specialists (NGS) წარმოადგენს ფარმაცევტული კომპანია „როშის“ გრძელვადიან საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების პლატფორმას მათთვის, ვისაც სურს გახდეს ლიდერი. პროგრამა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის შეიქმნა, მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილებასთან დაახლოებას. პლატფორმა ახალგაზრდა თაობას სთავაზობს პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ონკოლოგიის, ჰემატოლოგიის, ნევროლოგიისა და ოფთალმოლოგიის მიმართულებით.პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო სპეციალურად შექმნილ საინფორმაციო ვებგვერდზე: www.ngs.com.ge.
