ვახტანგ მახარობლიშვილმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ ბულგარელ ხალხსა და ქვეყნის მთავრობას ეროვნული დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი არის ევროკავშირისა და ნატოს აქტიური წევრი სახელმწიფო და დიდ როლს თამაშობს ევროპული ღირებულებების განმტკიცებაში.
მან ისაუბრა საქართველო-ბულგარეთის ნაყოფიერ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და აღნიშნა, რომ ისინი ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და ისტორიულ მეგობრობას.
ვახტანგ მახარობლიშვილმა კმაყოფილებით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების დინამიური ზრდის პოზიტიური ტენდენციაც და ხაზი გაუსვა ბოლო წლების მანძილზე ჩატარებულ მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების მნიშვნელობას.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა ეკონომიკის სფეროში კავშირების გაძლიერების აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ბულგარეთი სტაბილურად შედის საქართველოს ათ მთავარ სავაჭრო პარტნიორს შორის.
„ჩვენ მადლიერნი ვართ ბულგარეთის რესპუბლიკის მიმართ განვითარების სფეროში თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერისთვის, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მრავალი დაფინანსებული პროგრამა, განსაკუთრებით, განათლების, სოფლის მეურნეობის, ადამიანის უფლებების და სხვა სფეროებში.“ – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთის შავი ზღვის რეგიონში გეოგრაფიული კავშირების მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით ტურიზმის, სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში არსებულ მაღალ პოტენციალზე.
მისასალმებელი სიტყვის დასასრულს, ვახტან მახარობლიშვილმა ბულგარეთს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის.