ქართველი მხატვრის, დიმიტრი ხახუტაშვილის ნამუშევრების შესახებ წიგნი გამოიცა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2022 წლის 5 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება წიგნის „დიმიტრი ხახუტაშვილი“ პრეზენტაცია, ქართველი მხატვრისა და პედაგოგის, დაბადებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიმდინარე გამოფენის ფარგლებში.
წიგნში წარმოდგენილია დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპზე შექმნილი, კერძო კოლექციებში დაცული ნამუშევრების 300-ზე მეტი ილუსტრაცია, მისი ოჯახის წევრების, კოლეგებისა და მეგობრების მოგონებები.
დიმიტრი ხახუტაშვილი 50-იანელთა თაობის ის შემოქმედია, რომელმაც, მიუხედავად საკუთარი წარმატებული კარიერისა, მთელი თავისი ენერგია პედაგოგობისკენ მიმართა – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში არაერთი თაობა აღზარდა. მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში, მაგრამ არ ქონია პერსონალური გამოფენა.
მხატვრის შემოქმედების სრული სპექტრის წარმოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა პროფესიაონალებისთვისაც კი. ათეულობით ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, წიგნის ილუსტრაციები, ესკიზები თითქმის უცნობი იყო საზოგადოებისთვის. სხვადასხვა ტექნიკასა და ჟანრში შესრულებული დიმიტრი ხახუტაშვილის შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი განაცხადია ქართულ მხატვრობაში. მისი კომპოზიციების გრაფიკულ-სტრუქტურული თვითმყოფადობა, კომპლექსური ხედვა ბატალური სცენების შექმნისას, თამამი და ღია ემოციური ხელწერა წარმოაჩენს დახვეწილი გემოვნებისა და საშემსრულებლო ტექნიკის მქონე, გამორჩეულად მოაზროვნე ხელოვანს, რომელიც მუდმივი ძიებითა და ექსპერიმენტებით იყო გატაცებული და რომლის ნამუშევრებიც დროის გადასახედიდან კიდევ უფრო მეტ ხიბლსა და მნიშვნელობას იძენს.
„სპეციალისტები დამეთანხმებიან, იშვიათია შემოქმედი, რომელიც ერთნაირი წარმატებით მუშაობს სხვადასხვა მიმართულებასა და ჟანრში. პერიოდების მიხედვით, იგრძნობა როგორ იცვლებოდა მხატვარში განწყობა, მიდგომა, აბსტრაქციიდან იმპრესიონიზმში, რეალიზმიდან კუბიზმში, სურეალიზმიდან ექსპრესიონიზმში, ყველა ჟანრში, ყველა მიმდინარეობაში დიმიტრი ხახუტაშვილი ახერხებდა შთამბეჭდავი ხელწერა დაეტოვებინა,“ განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.
„გამოფენას ეტყობა დიდი გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ქალბატონი ლელა წიწუაშვილის ხელი, მისი ესთეტიკა, სივრცისა და ნახატების განაწილება. თემატიკა ისე ოსტატურადაა მოფიქრებული, რომ ნახატებთან ერთად, თვით გამოფენის კონცეპტუალური გააზრებაც კმაყოფილთ დაგტოვებთ. შატო ზეგაანის კიდევ ერთი კეთილი საქმე ამჯერად ქართული კულტურისთვის.” აღნიშნა გოჩა ჯავახიშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის უფროსი მკვლევარმა და საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა საფრანგეთის რესპუბლიკაში.
წიგნის პუბლიკაცია განხორციელდა „შატო ზეგაანი“-ს ფინანსური მხარდაჭრით.
წიგნის ავტორი – ლელა წიწუაშვილი
წიგნის დიზაინერი – დავით ჯანიაშვილი