თბილისში საქართველოსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი აღინიშნა

2022 წლის 31 ოქტომბერს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოსა და ყირგიზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

მან  საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით ყირგიზ ხალხსა და ყირგიზეთის მთავრობას აღნიშნული თარიღი მიულოცა და ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო პარტნიორობაზე. „საქართველოსა და ყირგიზეთს ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს. ეს ურთიერთობა თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხალხთა შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბდა..“ – აღნიშნა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო პერიოდში გააქტიურებულია ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით, მათ შორის,  ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში, ასევე აღინიშნა მიმდინარე წელს საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობა ( ქ. ბათუმში ). 

„საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობას  მყარი საფუძველი და დიდი რესურსი გააჩნია, რაც, დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი კავშირები და სრულად ავითვისოთ არსებული პოტენციალი ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *