ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების კუთხით დიასპორას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია – ვლადიმერ კონსტანტინიდი
2022 წლის 17-18 ნოემბერს ლონდონი საერთაშორისო კონფერენციას Globalize UK Conference მასპინძლობს. ყოველწლიური კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა სტარტაპების, ინოვატორების, ტექნიკური ექსპერტებისა და ექსპორტიორების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. ამასთან, ის მიზნად ისახავს ტექნოლოგიის განვითარების, ექსპორტის შესაძლებლობებისა და ინოვაციების სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებასა და საინვესტიციო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა, რომელმაც გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე გამოსვლისას, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის ჩართულობაზე საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის, ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის, ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა თუ ახალი ბაზრების იდენტიფიკაციის მიმართულებით, ქართულ დიასპორას გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
„დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც ჩვენი საზოგადოების, ისე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრებისთვის. ამავე დროს, ეს გახლავთ შესაძლებლობა, გავაძლიეროთ დიალოგი ჩვენს თანამემამულეებთან და გავაცნოთ მათ ყველა ის სიახლე, რასაც სახელმწიფო საქართველოში ინვესტირებით და ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კონსტანტინიდის განცხადებით, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში დიასპორის ჩართულობა სახელმწიფომ სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, რაც აისახა 2021−2024 წლების სამთავრობო პროგრამაში − „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ასევე საგარეო პოლიტიკის სტრატეგიაში“.
ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიის GLOBALIZE ორგანიზებით იმართება. ორგანიზაცია ხელს უწყობს ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებაში, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების დანერგვის გზით. ამ დროისთვის კომპანია მსოფლიოში 6,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს აერთიანებს.