უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში 34 საწარმოა რეგისტრირებული


ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანა, საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციისთვის გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც მსხვილ საწარმოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულება გაუჩნდათ. ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, მაკონტროლებელი ორგანო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საწარმოების ინსპექტირებას ინტენსიურად ახორციელებს. მიზანი, ერთი მხრივ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მეორე მხრივ კი – ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტების აღსრულების ხელშეწყობაა.
ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესება იმ გარემოსდაცვით ვალდებულებებს შორისაცაა, რომლებიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებისა და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აქვს აღებული. ამ ფონზე მოსალოდნელიც იყო, საქართველოში მოქმედი საწარმოებისთვის კანონით ისეთი ვალდებულებების დაწესება, როგორიცაა ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესება, გადაიარაღება, სათანადო ფილტრაციის სისტემის დამონტაჟება და უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემაში ჩართვა. სიახლე ბიზნესისთვის დამაზარალებელი რომ არ ყოფილიყო, თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმაც კი შემუშავდა, რომლის მონიტორინგიც უწყვეტად ხორციელდება. ამ ეტაპზე უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში ჩართულია 34 კომპანია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების დარეგისტრირება, რომლებიც საწარმოო ზონაში არსებობს, სადაც დაბინძურების გაცილებით მაღალი რისკია. 34 რეგისტრირებული კომპანიიდან 15 სწორედ ასეთ ზონაში – რუსთავში მდებარეობს. ზოგადად, ქვემო ქართლში არსებული კომპანიებიდან კი სისტემაში უკვე ჩართულია 18 საწარმო. ქვემო ქართლის 18 საწარმოს გარდა, სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებიდან.

5 დედაქალაქში მდებარეობს, 4-4 იმერეთსა და შიდა ქართლში, 2 – სამეგრელოში, 1 კი – მცხეთამთიანეთში. სისტემაში უმეტესად ჩართული არიან მეტალურგიული, ცემენტის, მინის ტარის, სამშენებლო მასალებისა და ქიმიური მწარმოებლები. მათ შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად: რუსთავის აზოტი, რუსთავის ფოლადი, „ჯეოსთილი“, „ქართული ცემენტი“, ჭიათურმანგანუმი, ჯორჯიან მანგანეზი და სხვა. თითოეული მათგანის უწყვეტ მონიტორინგს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის საშუალებით ახორციელებს. დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის ცენტრალურ საცავში მონაცემების უწყვეტად მიღება ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროზე (მილზე) დამონტაჟებული მოწყობილობების მეშვეობით. ნებისმიერი სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს.
პარალელურად, მიმდინარეობს სისტემაში ჯერ არ ჩართულ საწარმოთა ინსპექტირებაც. მიმდინარე 2024 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის 9 სამართალდარღვევა გამოვლინდა. 7 საწარმოს მიმართ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76 პრიმა 1 მუხლით შედგენილი ოქმები და საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნა. აღნიშნული მუხლი 10 000 ლარიან, სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი – 20 ათას და 40 ათასლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის პროცესი გრძელდება. საბოლოო მიზანია, ფაქტობრივად ყველა მსხვილი საწარმო იყოს ჩართული ონლაინმონიტორინგის სისტემაში, რათა გაკონტროლდეს რარაოდენობით და რა მავნე ნივთიერებებს აფრქვევს ჰაერში თითოეული მათგანი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანისთვის, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, გზებზე მოძრავი მანქანების გამონაბოლქვის კონტროლიც. გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის სამართალდამრღვევების მიმართ მკაცრი საჯარიმო სანქციებია ამოქმედებული. კანონის ამოქმედებიდან 1 წელში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 7193 იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმეს.
პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *