24 დეკემბერს აღინიშნება სპარსული მწერლობის დიდი კლასიკოსის, რუდაქის ხსოვნის დღე.

24 დეკემბერს აღინიშნება სპარსული მწერლობის დიდი კლასიკოსის, რუდაქის ხსოვნის დღე. რუდაქი ითვლება სპარსული ლიტერატურის პირველ დიდ წარმომადგენლად, რომელმაც მეცხრე-მეათე საუკუნეებში სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანა სპარსული პოეზია. მისი მხატვრული სიტყვა თაობიდან თაობას გადასწვდა.

საქართველოში რუდაქის თარგმნიდნენ და იკვლევდნენ გამოჩენილი ქართველი ირანისტები: დავით კობიძე, მაგალი თოდუა, ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსანდრე გვახარია, ალექსანდრე ელერდაშვილი.

რამდენიმე ნიმუში რუდაქის პოეზიიდან:

* * *

თმას რომ ვიღებავ, ჭაბუკობას მე განა ვლამობ,

ან მსურს კვლავ ცოდვა ჩავიდინო ხორცისთვის ამო.

არა, ისე ვით ძაძას იცვამს ჭირისუფალი,

ჩემს სიყრმეს ვგვლოვობ და ვიშავებ წვერს ამის გამო.

* * *

ნუ მიენდობი ცხოვრებას

ალალი გულის ამარი.

ერთი თვალთმაქცი ვინმეა,

ერთი მზაკვარი რამ არი.

მისი სიკეთე სად თქმულა, _

ეგ ზღაპარია, იცოდე.

ფრთხილად! უბირი არ დარჩე,

მაგრად შეიკარ ქამარი.

* * *

შავ მთაზე თეთრად დაუთოვია,

მშვილდს დაემსგავსა წერწეტა სარო.

რაც არ მტანჯავდა, დღეს იგი მტანჯავს

და რაც მიყვარდა, დღეს იმას ვზარობ.

* * *

დრო მხიარულად გაატარე შავთვალა ქალთან,

ცხოვრება ზღაპრის მაგვარია, მსგავსია ქართა.

აღარასოდეს დღე წარსული არ გაიხსენო,

მომავლისაგან სხვას ნუ ელი, კეთილის გარდა.

მივდივარ მასთან, ზილფზე უდის სუნი რომ უდის,

მივდივარ მასთან, სილამაზით ფერიის გვართან!..

ბედნიერია, ვინც გასცა და შეჭამა თავად,

უბედურია, ვინც ცხოვრება ასე არ მართა.

ქართა და ღრუბელთ მსგავსად უთქვამთ საწუთრო ჩვენი,

მოიტა ღვინო, რაც გვეწევა, გვეწიოს მთვრალთა.

🖋სპარსულიდან თარგმნა

მაგალი თოდუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *