პოლიტიკა

ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოდჯანი: ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და გაეროს წესდებით

თბილისი, 3 მარტი — ირანს ომი არ დაუწყია და მოქმედებდა მხოლოდ თავდაცვის უფლების ფარგლებში, განაცხადა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოდჯანიმ.

მისი თქმით, ირანი მონაწილეობდა მოლაპარაკებების პროცესში როგორც 2025 წლის ზაფხულში, ასევე 2026 წლის ზამთარში, თუმცა „მოულოდნელად აღმოჩნდა თავდასხმის ობიექტი“.

„თავდასხმიდან ერთი საათის შემდეგ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ განახორციელა თავდაცვითი ნაბიჯები. ირანს აქვს თავდაცვის უფლება, რომელიც განსაზღვრულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებითა და გაეროს წესდებით“, — აღნიშნა დიპლომატმა.

ელჩის ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების დაწყებისთანავე მან შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქართული მხარე დეტალურად გააცნო თეირანის პოზიციას. მისი თქმით, ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობები საშუალებას იძლევა ძალების მობილიზება უმოკლეს ვადაში განხორციელდეს.

დიპლომატის განცხადებით, დარტყმების სამიზნეები არიან ამერიკული სამხედრო ბაზები, ლოგისტიკური ცენტრები და სადაზვერვო ობიექტები, რომლებიც რეგიონშია განთავსებული და არა მეზობელი სახელმწიფოები. მისი მტკიცებით, შეერთებულმა შტატებმა რეგიონის რიგი ქვეყნების ტერიტორიები ირანის წინააღმდეგ გამოიყენა.

ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შეფასებისას ელჩმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გამწვავებამ შესაძლოა „დომინოს ეფექტი“ გამოიწვიოს და სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში კრიზისი გრძელდება და მსოფლიო ეკონომიკა არასტაბილურ მდგომარეობაშია.

ისრაელის როლზე საუბრისას დიპლომატმა განაცხადა, რომ სწორედ ისრაელის მხარემ ჩართო აშშ კონფლიქტში. მისი თქმით, შემდგომმა ესკალაციამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს გლობალურ გეოპოლიტიკაში და უარყოფითად აისახოს მსოფლიო ეკონომიკაზე.

რადიაციული საფრთხის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით კითხვის პასუხად ელჩმა აღნიშნა, რომ ირანიც შეშფოთებულია ამ საკითხით. მისი თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო გამოთქვამს შეშფოთებას სამხედრო მოქმედებების შედეგად რადიოაქტიური ნივთიერებების შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიპლომატმა განაცხადა, რომ თეირანი მზად არის განიხილოს სააგენტოს ინსპექტორების დაშვების საკითხი, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ინფორმაციის მესამე მხარეებისთვის გადაუცემლობა. მან ასევე დასძინა, რომ ავიამიმოსვლის შეწყვეტის პირობებში სპეციალისტების ქვეყანაში ჩაყვანაც გართულებულია.

„პირველ რიგში აუცილებელია სამხედრო ოპერაციების შეწყვეტა“, — ხაზგასმით აღნიშნა ელჩმა.

მისი განცხადებით, ირანი მხარს უჭერს მშვიდობიან თანაცხოვრებასა და რეგიონში სტაბილურობას, თუმცა ამავდროულად აპირებს საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *