ლევან მამალაძე: ზანგეზურის კორიდორი შუა კორიდორის კონკურენტი არ არის — ეს სერვისების გაფართოების შესაძლებლობაა
საქართველოში ზანგეზურის კორიდორის ამუშავებას ყურადღებით აკვირდებიან. სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელისა და პოლიტოლოგის, ლევან მამალაძის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორია მისი აღქმა როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით არსებული შუა კორიდორის ალტერნატივის.
„საქართველოში ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ზანგეზურის კორიდორის ამუშავებას, იმ პერსპექტივებს, რომლებიც განისაზღვრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე იმ მონაწილეობას, რომელიც ტრამპის ინიციატივით განხორციელდა. მთავარი საკითხი ის არის, რომ ბევრი ფიქრობს, თითქოს ეს შეიძლება იყოს შუა კორიდორის ალტერნატივა,“ — აცხადებს ლევან მამალაძე.
მისი თქმით, სიღრმისეული ანალიზი და ექსპერტთა შეფასებები ცხადყოფს, რომ ზანგეზურის კორიდორის ამუშავება კონკურენციად არ უნდა განიხილებოდეს.
„ჩემი პირადი პოზიციაც და ბევრი ექსპერტის შეფასებაც ერთმნიშვნელოვანია — ზანგეზურის კორიდორი არ წარმოადგენს კონკურენციას. ეს არის სერვისების გაფართოების საშუალება და არა არსებული მარშრუტების ჩანაცვლება,“ — აღნიშნავს მამალაძე.
პოლიტოლოგის განმარტებით, საუბარია ტვირთების უფრო მოქნილ გადანაწილებაზე, რაც გადამზიდავებსა და ტვირთის მფლობელებს მეტ არჩევანს აძლევს.
„იქნება ეს ჩინეთიდან ან შუა აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ტვირთები თუ პირიქით, გადამზიდავებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ, რომელი მიმართულება აირჩიონ — შავი ზღვისკენ თუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, თურქეთის პორტების გავლით,“ — აცხადებს სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, ზანგეზურის კორიდორის ამოქმედება ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და არა რეგიონში კონკურენციის გამწვავებას.
„ზანგეზურის კორიდორის ამუშავება უფრო სერვისების გაუმჯობესებას ემსახურება, ვიდრე რაიმე სახის კონკურენციის ჩამოყალიბებას. სწორედ ამიტომ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს — საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს — უნდა ჰქონდეთ ერთიანი პოლიტიკა,“ — ამბობს მამალაძე.
ლევან მამალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ქვეყნებს შორის ტარიფები რეგულირდება.
„მე ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს ერთობლივი მუშაობა, ერთიანი სატრანსპორტო და ლოგისტიკური სერვისის შექმნა და შეთავაზება, მხოლოდ მომგებიანი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის,“ — აცხადებს პოლიტოლოგი.
