საქართველოში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების ორმოცდამეშვიდე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება
11 თებერვალს თბილისში გაიმართა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ხუთასამდე მოწვეული სტუმარი.ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი ლაშა დარსალია, სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები, სამხედრო ატაშეები, ასევე კულტურის, ეკონომიკის, პრესის და სხვადასხვა სფეროთა ცნობილი სახეები, საქართველოში მცხოვრები ირანელები.ღონისძიებაზე, ორი ქვეყნის ეროვნული ჰიმნების გაჟღერების შემდეგ, ნაჩვენები იქნა ირანის ისლამური რევოლუციის წარმატებათა, ასევე სხვადასხვა სფეროში არსებული შესაძლებლობების და პოტენციალის ამსახველი ვიდეო.შემდეგ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა სეიედ ალი მოჯანიმ ისაუბრა გასული 47 წლის მანძილზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ სხვადასხვა სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. მან ხაზი გაუსვა ირანის ნებას, განამტკიცოს საკუთარი პოზიცია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა განსაკუთრებულ როლს ანიჭებს დიპლომატიას და მოლაპარაკებებს გამოწვევების აღმოფხვრის მხრივ, მეორე მხრივ კი ხაზი გაუსვა, რომ ირანი სრულიად მზად არის წინ აღუდგეს მტრების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ მუქარას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა ლაშა დარსალიამ მიულოცა ირანელ ხალხს და ირანის ხელისუფლებას ისლამური რევოლუციის გამარჯვების წლისთავი. მან განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გახლდათ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ოფიციალურად სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა: საქართველოს მთავრობა მზად არის, რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინსვლის მიზნით, ირანთან თანამშრომლობა გააგრძელოს. შემდეგ ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა უნიკალური დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ირანი პირველი სახელმწიფო გახლდათ, რომელმაც 1918 წელს ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენა მედიცინის და ფარმაცევტული სფეროების მიმართულებით. ასევე გამოფენილ იქნა ხელოვნების და ხელნაკეთი ნაწარმის ნიმუშები.
