მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა – საქართველოს, როგორც თამბაქოს კონტროლის ლიდერის მთავარი საყრდენი
მილანში გამართულ ევროპულ კონფერენციაზე „თამბაქო თუ ჯანმრთელობა“ (ECToH), საქართველო რეგიონულ ლიდერად კიდევ ერთხელ აღიარეს. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ქვეყანა ჯერ კიდევ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს თამბაქოს კონტროლის რეფორმების კუთხით, რასაც განაპიროებებს არა მხოლოდ პროგრესული კანონმდებლობა, არამედ მისი პრაქტიკული რეალიზება – კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვის უპრეცედენტოდ ეფექტური, 95%-ანი აღსრულება. თამბაქოს კონტროლის ექსპერტების განცხადებით, თამბაქოს კონტროლის კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩებოდა, რომ არა მისი აღსრულების ხარისხის მუდმივი კონტროლი, რაც ქვეყანაში მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის წყალობით ხერხდება. სწორედ ამ უწყვეტმა და სისტემურმა მუშაობამ უზრუნველყო, რომ საზოგადოებრივ სივრცეებში მოწევის აკრძალვის რეგულაცია ამ დრომდე 95%-ით სრულდება. კანონის აღსრულების მონიტორინგის გამოცდილებით დაინტერესდა ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაცია Campaign for Tobacco-Free Kids (კამპანია „ბავშვები თამბაქოს გარეშე“), რის შედეგადაც ქართველი ექსპერტები დაინტერესებულ ქვეყნებში გაუზიარებენ გამოცდილებას ან საქართველოში ჩამოვლენ დელეგაციები და ადგილზე გაეცნობიან ჩვენი სამოქალაქო მონიტორინგის საქმიანობას. მიღწეული შედეგების ფონზე, ექსპერტები საგანგაშო ტენდენციებზეც მიუთითებენ: საქართველოში ამჟამად პრაქტიკულად არ ტარდება თამბაქოსა და ნიკოტინის პრევენციის საინფორმაციო თუ საკომუნიკაციო კამპანიები, მოწევის შეწყვეტის მეთოდებზე ტრენინგები ექიმებისათვის. ამ ვაკუუმის გამო, მოსახლეობას ჯერ კიდევ მყარად არ ჩამოუყალიბდა ჩვევა, – თავად იყოს თამბაქოს მოწევის რეგულაციების დამცველი და მეთვალყურე და ასევე მყარად მიიღოს გადაწყვტილება მოწევის შეწყვეტაზე.სწორედ ამიტომ, მონიტორინგისა და თამბაქოსა და ნიკოტინის პრევენციის საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო კომპონენტის როლი “ჯანმრთელობის ხელშეწყობის” სახელმწიფო პროგრამაში ორმაგად კრიტიკული ხდება. შესაბამისად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ პროგრამა დარჩეს არა შევიწროებული შესაძლებლობებით, არამედ აუცილებელია მისი გაძლიერება როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსების კუთხით, მისი ლეგიტიმაციის გაფართოება და მეტი ბერკეტის მიცემა.ამასთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მუდმივი და სისტემური საინფორმაციო შეხვედრებისა და ტრენინგების ჩატარება უშუალო აღმასრულებელ სამსახურებთან – საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ზედამხედველობისა თუ მუნიციპალური პოლიციის წარმომადგენლებთან. რათა თითოეულმა უწყებამ და თანამშრომელმა ზედმიწევნით ზუსტად იცოდეს თავისი მოვალეობა და ეფექტურად ჩაერთოს კანონის აღსრულების პროცესში.მილანის საერთაშორისო ტრიბუნიდან თბილისისკენ მკაფიო გაფრთხილებაც წამოვიდა: საქართველოს არ აქვს მოდუნების უფლება, რადგან თამბაქოს ინდუსტრია ახალი, აგრესიული ტაქტიკით უტევს ახალგაზრდებს, ხოლო მთავრობაზე გავლენის ინდექსით საქართველო, სამწუხაროდ, მეორე ადგილზეა ევროპაში.ორგანიზაციის „კამპანია თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვებისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი, სმიტა ბარუა პირდაპირ მიმართავს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს:„არ უღალატოთ ათი წლის წინ არჩეულ კურსს. ინდუსტრიასთან არანაირ კომპრომისზე არ წახვიდეთ. ამ ძლიერი კანონის გამო საქართველო რეგიონში სამაგალითოა, ამიტომაც უნდა გააგრძელოთ ბრძოლა მის დასაცავად. არ დასხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად. ეს პირდაპირ და მძიმედ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე“.როგორც მილანში გამართულმა ფორუმმა აჩვენა, თამბაქოს კონტროლის ძლიერი პოზიციების შესანარჩუნებლად საქართველოში სასწრაფო ადვოკატირების საჭიროება დგას:თამბაქოს ინდუსტრიასა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობების გამჭვირვალობის ვალდებულების მთავრობის მხრიდან დროული დამტკიცება (რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა მიეღოთ); თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სამოქალაქო მონიტორინგისა და თამბაქოსა და ნიკოტინის პრევენციის საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო პროგრამის დაფინანსების სულ მცირე გაორმაგება;თამბაქოს ინდუსტრიისათვის კომოპენსაციების დაკისრება მათ მიერ მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივ საკომპენსაციოდ, რაც 50-მდე ქვეყანაში მოქმედებს. მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის გაძლიერება, მასზე დაფუძნებული მკაცრი აღსრულება და კანონის კიდევ უფრო დახვეწა და გაძლიერება, ასევე საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინება ერთადერთი გზაა, რათა საქართველომ არათუ შეინარჩუნოს ლიდერობა, არამედ დაიცვას თავისი მომავალი თაობები ნიკოტინის ახალი ეპიდემიისგან.თამბაქოს კონტროლის ალიანსი551150773
