თბილისში იაპონელი პიანისტის უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა

თბილისში იაპონელი პიანისტის უსუი ტოშიკის საფორტეპიანო კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს სახალხო არტისტის, ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 8 თებერვალს, კონცერტამდე რამდენიმე დღით ადრე,  87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კონცერტი საქართველოში იაპონიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

მაესტრო ბ-ნი ტოშიკი უსუი არის იაპონიის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი მსოფლიო რეპუტაციით,  რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ თავისი შესრულებით, არამედ მუსიკის მეშვეობით კეთილგანწყობის ხელშემწყობი მრავალი საქმიანობით, მათ შორის,  საქველმოქმედო კონცერტებით, რომელსაც 2015 წლიდან ატარებს  ქალაქ სიღნაღში.  ამიტომაც ბატონი უსუი ქართველებში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს, როგორც სიღნაღის საპატიო მოქალაქე.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებისადმი მისი სიყვარული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი კომპოზიტორის შემოქმედების ოსტატურად შესრულება მთელი მსოფლიოს მოწონებას იმსახურებს. . ბატონი  უსუი  ასევე ზედამხედველობს ვაჟა აზარაშვილის პროექტს იაპონიაში.

მისი ძალისხმევით იაპონურმა მუსიკალურმა კომპანიამ Zen-On-მა გამოუშვა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის 9 კომპოზიცია, რომლებიც წარმატებით სარგებლობს იაპონიასა და მსოფლიოში.

წლების განმავლობაში, ბატონი  უსუის   ძალისხმევა ფასდაუდებელი იყო იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განმტკიცებაში.

მიმდინარე კონცერტმა გამოხატა მისი კეთილგანწყობა საქართველოს მიმართ და ხელს შეუწყობს იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთგაგებას და ხალხთა მეგობრობას მუსიკის საშუალებით.

იაპონელმა პიანისტმა შეასრულა ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 6 ნაწარმოები სათაურებით “ნოქტურნი”, “გაზაფხულის სიმღერა”, “ლირიკა”, “ჩელა”, “ნოსტალგია”, “სიმღერა უსიტყვოდ”. უსუი ტოშიკიმ ასევე შეასრულა იაპონური ნაწარმოებები, კერძოდ ცნობილი იაპონელი კომპოზიტორის რიუიჩი საკამოტოს ცნობილი კომპოზიცია “ხიდი”.

ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაჯილდოვებული კომპოზიტორი იაპონიაში, ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა მრავალ ჟანრში: ჯაზში, ავანგარდში, პოპში, ნეოკლასიკასა და ელექტრონულში.

ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს თბილისში დაიბადა. 1961 წლიდან შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან 1988 წლამდე იყო თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი ; 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი;

მისი შემოქმედება გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. აზარაშვილი წერდა სიმფონიურ, კამერულ-ინსტრუმენტულ, საესტრადო ნაწარმოებებს, ასევე მიუზიკლებს. მას ეკუთვნის ოპერეტა “მეცხრე ტალღა”, ბალეტი “ჰევისბერი”, ვიოლინოს კონცერტები და პიესების ციკლი “მშობლიური მიწის სურათები”. 1976 წელს აზარაშვილმა დაწერა სიმღერა “დინამო, დინამო”, რომელიც მიუძღვნა 1976 წელს სსრკ თასის ფინალში თბილისის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” ერევნის “არარატთან” გამარჯვებას.

ვაჟა აზარაშვილმა არაერთი სიმღერა მიუძღვნა მშობლიურ თბილისს. მისი ბევრი სიმღერა საყოველთაოდ პოპულარულია – “მუსიკა”, “დღეები გადიან”, “პატარა გოგო”, “მზე ჩემი მეგობარია”, “ისევ წვიმს” და სხვა.

ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ვაჟა აზარაშვილს მრავალი საპატიო წოდება და პრემია მიენიჭა.  ესენია:  საქართველოს სსრ ლენინ კომსომოლის პრემიის (1974), საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს (1982), იაკობ გოგებაშვილის (1998), ზაქარია ფალიაშვილის (2003) და საქართველოს სახელმწიფო პრემიის (2004) ლაურეატი. . ვაჟა აზარაშვილი – დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენის მფლობელი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *