კულტურა

გრძელდება იტალიური დიზაინის დღის აღნიშვნა საქართველოში

    იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, იტალიის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, წელს უკვე მეათედ იმართება, თბილისში ჩატარდა ღონისძიება “IDENTICITY. Shaping The Urban Transformation”. ინოვაციური დიზაინისა და ეკოლოგიური არქიტექტურის დარგებში მომუშავე იტალიური არქიტექტურული და საპროექტო ბიურო Rizoma Architetture-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟითა და იტალია-საქართველოს სავაჭრო პალატის (ITAGEO) მხარდაჭერით გაიმართა.

    ურბანული რეგენერაციისა და არსებული სივრცეების ტრანსფორმაციის საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრნენ. ღონისძიება გახსნა საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზემ და “იტალიური დიზაინის დღის” მნიშვნელობაზე ისაუბრა. “წლევანდელი „იტალიური დიზაინის დღის“ თემა – „Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“ – შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმსჯელოთ იმ როლზე, რომელსაც დიზაინი და არქიტექტურა თამაშობს ადამიანთა საყოფაცხოვრებო სივრცეებისა და კოლექტიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებაში და ყურადღება გავამახვილოთ ისეთ არქიტექტურაზე, რომელიც ადამიანების საჭიროებებისა და ურბანული კონტექსტის გათვალისწინებით ვითარდება“, – აღნიშნა ელჩის მოადგილემ.

    ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: სადისკუსიო პანელის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობას იტალიური და ქართული არქიტექტურული ბიუროების წარმომადგენლები იღებდნენ, სახელგანთქმული იტალიური ბრენდების ავეჯისა და საყოფაცხოვრებო აქსესუარების გამოფენა გაიმართა.

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *